
ლევან მაჭავარიანი საკადრო ცვლილებებზე: ეს არის იდეალური ნაბიჯი ჩვენი გუნდისა და პრემიერის მხრიდან
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „დღის ქრონიკაში“ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილებები იდეალური ნაბიჯია.
„რამხელა პოლიტიკური რესურსი და ძალა არის მამუკა მდინარაძე, ყველას მოეხსენება და ამ შემთხვევაში ახალი თანამდებობიდან მას საშუალება აქვს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღოს.
რაც შეეხება გეკა გელაძეს, ვიცით, რომ ერთი წელიც არ ყოფილა ის შს მინისტრის პოზიციაზე და ვნახეთ, რა ეფექტური ნაბიჯები გადადგა ნარკორეალიზატორებისა და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. გეკა გელაძე ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომლის მუშაობა მამუკა მდინარაძემ სხვა სიმაღლეზე აიყვანა.
სულხან თამაზაშვილი, რომელიც ძალიან სტაჟიანი პოლიციელია და ძალიან მაღალი მენეჯერული უნარ-ჩვევები გააჩნია, მაღალ დონეზე გაართმევს ახალ თანამდებობას თავს და თავის მხრივ, მამუკა მდინარაძეც გადააზღვევს მათ, შესაბამისად, ეს [ საკადრო ცვლილებები] არის იდეალური ნაბიჯი ჩვენი გუნდისა და პრემიერის მხრიდან“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში საკადრო გადაადგილების შესახებ 21 აპრილს აცნობა.
მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინება გეკა გელაძის კანდიდატურა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს სულხან თამაზაშვილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრა საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა და მთავრობის შემადგენლობაში იქნება 3 ვიცე-პრემიერი.
იმედი
წყარო: imedinews.ge