
არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძეზე: უმჯობესია, რომ კონკრეტული ადამიანი იყოს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს, რომ ერთ სისტემად იზრუნონ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაზე
სამთავრობო ცვლილებები მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ არის. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე იყოს აყვანილი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გასულ კვირაში განხორციელებულ საკადრო სიახლეების შეფასებისას.
მისივე თქმით, ამ კოორდინაციის მაგალითი იყო 2025 წლის 4 ოქტომბერს ძალადობრივი გზით ქვეყნის ხელისუფლების დამხობის მცდელობის ჩაშლის აღკვეთა.
„ვნახეთ, ამ კოორდინაციით როგორ მოხერხდა ამ მავნებლობის და დანაშაულის პრევენცია, აღკვეთა. ამიტომაც არის თვისებრივად უმჯობესი, რომ კონკრეტული ადამიანი იყოს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს, რომ ერთ სისტემად იზრუნონ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაზე, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვაზე, ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
კვალიფიციური ძალოვანი სტრუქტურების მუშაობაში და პოლიტიკურ პროცესებში - ასე აფასებენ მამუკა მდინარაძის კანდიდატურას მმართველ გუნდში და სამთავრობო ცვლილებებს მნიშვნელოვანს უწოდებენ. როგორც აღნიშნავენ, მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. ის ასევე იქნება ვიცე-პრემიერი. სახელმწიფო მინისტრის ფუნქცია იქნება სუსის, შსს-ს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კოორდინაცია, ასევე მისი, როგორც ვიცე-პრემიერის საკურატოროში ყოფნა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან, სასამართლოსთან, პროკურატურასთან და აუდიტის სამსახურთან მთავრობის კოორდინაცია.
იმედი
წყარო: imedinews.ge