
რევაზ სოხაძე: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში „მოამბე რეგიონები“ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული ვითარება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რომელსაც ხელისუფლება ღიად აღიარებს და აქტიურად მუშაობს მის გადასაჭრელად.
მინისტრის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლის სექტემბერში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სრულად გადაეცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მას შემდეგ რაც გაუქმდა სააგენტო „ესიდა“, რომელიც სკოლების მშენებლობას ახორციელებდა.
„როდესაც ეს პროცესები სამინისტროში გადმოვიდა, საკმაოდ მძიმე რეალობასთან მოგვიწია შეხება - მოუწესრიგებელი დოკუმენტაცია, გაჩერებული მშენებლობები, არასრულყოფილი და ზოგ შემთხვევაში საერთოდ არარსებული პროექტები“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, სამინისტრო სრულად იზიარებს მშობლებისა და მოსწავლეების უკმაყოფილებას, რადგან წლების განმავლობაში ბავშვებს ხშირად არ ჰქონდათ სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობა.
„ეს არის სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და პრიორიტეტი, რომელზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ“ -აღნიშნა სოხაძემ.
მინისტრის განმარტებით, განათლების სამინისტრო განსაზღვრავს პრიორიტეტებს, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს შესაბამის პროექტებს. მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად ურთიერთობს ადგილობრივ მოსახლეობასთან და უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მანავის სკოლის შესახებ უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისთანავე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
რაც შეეხება მოხისის სკოლას, მინისტრის თქმით, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები - შენობის მდგომარეობა შეფასდება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, რის შემდეგაც გადაწყდება, საჭიროა არსებული შენობის რეაბილიტაცია თუ ახალი სკოლის მშენებლობა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები მწვავედ დგას არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ დედაქალაქშიც. ამ გამოწვევის დასაძლევად სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, შეიმუშაოს სკოლების ტიპური პროექტები, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს მშენებლობის პროცესს.
„მზა პროექტების არსებობა საშუალებას მოგვცემს, აღარ დავკარგოთ დრო თითოეული სკოლის ინდივიდუალური პროექტირების პროცესში და სამუშაოები გაცილებით სწრაფად განხორციელდეს“, - განაცხადა მინისტრმა.
სოხაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და პროცესში ჩართულია მრავალი სახელმწიფო უწყება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამუშაოების შეუფერხებლად მიმდინარეობა.
მისივე განცხადებით, სამინისტრო ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ მრავალწლიანი პრობლემები დროულად გადაიჭრას და მოსწავლეებისთვის ღირსეული სასწავლო გარემო შეიქმნას.
იმედი
წყარო: imedinews.ge