
ვლადიმერ ბოჟაძე წარმომადგენელთა პალატის ანგარიშზე: კიდევ ერთხელ დადასტურდა რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით - ევროკავშირი თავისი წევრი სახელმწიფოების შიდა საქმიანობაში ერევა
„ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ „ქრონიკასთან“ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიში შეაფასა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი ექვსი ევროპული ქვეყნის არჩევნებში ჩაერია.
„ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ სამწუხაროდ ევროკავშირი ერევა თავისი წევრი სახელმწიფოების შიდა საქმიანობაში. ის, რომ ამ ჩამონათვალში არ მოხვდა საქართველო, არის ერთადერთი მიზეზი - ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრები.
თუმცა, საქართველოს მაგალითზეც შეგვიძლია მოვიყვანოთ საპარლამენტო არჩევნების წინ განცხადება, რომ ევროკავშირი აჩერებდა ევროინტეგრაციის პროცესს, რადიკალური ოპოზიციის მიტინგებზე დასწრება, ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებიც სწორედ საარჩევნო მიზნებისთვის იყო გამოყენებული იმისთვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას საშუალება ჰქონოდა, ასეთი განცხადებებით თავისი ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა.“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიშით, ევროკავშირი ექვსი ევროპული ქვეყნის არჩევნებში ჩაერია. დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი ჩაერია არჩევნებში და არ დაუშვა თავისუფალი კენჭისყრა სლოვაკეთში 2023 წელს, ნიდერლანდებში 2023/25 წლებში, საფრანგეთში 2024 წელს, ამავე წელს რუმინეთში; მოლდოვასა და ირლანდიაში 2024/25 წლებში. ანგარიშის ავტორთა განცხადებით, 160-გვერდიანი ანგარიში ეყრდნობა ტექნოლოგიური კომპანიებიდან სასამართლო უწყების მეშვეობით მოპოვებულ არასაჯარო დოკუმენტებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge