
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის ანგარიში ცნობად მიიღო
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში წარადგინა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას ენერგეტიკის სფეროში არსებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა წარმოადგენს. მომხსენებელმა წყალმომარაგების, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და ირიგაციის სექტორში მოქმედ კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის არსებულ ურთიერთობებზე, პრობლემური საკითხებისა და დავების მოგვარების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა.
ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა კომიტეტის წევრებს 2025 წელს განხორციელებულ საქმიანობაზე სტატისტიკური მონაცემები გააცნო. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში 2330 კორესპონდენცია დარეგისტრირდა, რომლებზეც 1052 რეკომენდაცია და შუამდგომლობა გაიცა. 30 ათასზე მეტ მოქალაქეს სხვადასხვა ფორმით გაეწია კონსულტაცია. რაც შეეხება ჩამოწერილ და არასწორად დარიცხულ თანხებს, ნინო გულეიშვილის განცხადებით, 2025 წელს აღნიშნულმა თანხამ 200 ათასამდე ლარი შეადგინა.
ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორთან დაკავშირებით მომხმარებელთა განაცხადებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მომართვიანობის უმეტესი ნაწილი ხარისხისა და უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. მისი თქმით, საზოგადოებრივი დამცველის აპარატი, საქართველოს რეგიონებში შეხვედრებისას, ადგილზე ეცნობა იქ არსებულ გამოწვევებს და შესაბამის რეაგირებას ახდენს მათზე.
„2025 წელს ენერგოომბუდსმენის სამსახურმა 10 რეგიონული ვიზიტი განახორციელა. რეგიონებში ცნობიერების ამაღლების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მომართვიანობა და მოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაცია. ენერგოომბუდსმენის სამსახურის ჩართულობით, სხვადასხვა რეგიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა, ელექტროენერგიასა და სასმელი წლის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები მოგვარდა“, - განაცხადა ნინო გულეიშვილმა. მისივე თქმით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახური სამუშაო შეხვედრებს კომპანიების წარმომადგენლებთან მართავს და მედიაციის ფორმატში, მომხმარებელთა პრობლემები და მათი მოგვარების გზები განიხილება.
