დავით ფოლადაშვილი: ეს იყო ნამდვილად უანგარო სიყვარული, რაც ქართველმა ხალხმა გამოიჩინა პატრიარქის მიმართ და ამას ნამდვილად იმსახურებდა ჩვენი პატრიარქი

დავით ფოლადაშვილი: ეს იყო ნამდვილად უანგარო სიყვარული, რაც ქართველმა ხალხმა გამოიჩინა პატრიარქის მიმართ და ამას ნამდვილად იმსახურებდა ჩვენი პატრიარქი

იმედი|imedinews.ge

ეს იყო ნამდვილად სრული უანგარო სიყვარული, რაც ქართველმა ხალხმა გამოიჩინა პატრიარქის მიმართ და ამას ნამდვილად იმსახურებდა ჩვენი პატრიარქი, - განაცხადა საბურთალოს წმ. ნინოს ტაძრის მღვდელმსახურმა დავით ფოლადაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისი თქმით, ანალოგი არ მოეძებნება იმ სურათს, რაც საქართველომ ბოლო 4 დღის განმავლობაში ნახა.

„მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს ჩვენი უწმინდესი პატრიარქის, მამის გარდაცვალება. უნდა ითქვას, რომ განვლილმა დღეებმა დაგვანახა ის, რაც არასდროს არავის დაუნახავს. შეიძლება ანალოგი არ მოეძებნებოდეს იმ სურათს, რაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ. ეს იყო იმ მადლიერებისა და სიყვარულის გამოხატულება, რაც ქართველებმა თავისი მამისადმი გამოხატეს. შეიძლება ითქვას, რომ პატრიარქმა უხვად თესა ეს სიყვარული და უხვადაც მოიმკო ქართველი ხალხისგან ეს უანგარო და ძვირფასი სიყვარული. საოცარი ის არის, რომ ეს ხალხი სანაცვლოდ უკვე აღარაფერს იღებდა, გარდაცვლილისგან არაფერს ელოდები ადამიანი. ცოცხალი რომ იყოს და მაშინ იჩენდე ყურადღებას, მაშინ აფასებდე და ცდილობდე, რომ მას გამოუხატო შენი პატივისცემა, იფიქრებ, რომ რაღაცას ელოდება და გარდაცვლილისგან ხომ აღარაფერს ელოდებოდნენ და ეს იყო ნამდვილად სრული უანგარო სიყვარული, რაც ქართველმა ხალხმა გამოიჩინა და ამას ნამდვილად იმსახურებდა ჩვენი პატრიარქი. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ვერ მივიდა ამ დღეებში და დღესაც სიონში რიგები არ წყდება და შეიძლება ითქვას, რომ პატრიარქს კიდევ ესიყვარულებიან და ცდილობენ მასთან სიახლოვეში მივიდნენ“, - აღნიშნა დავით ფოლადაშვილმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია