
პაპუაშვილი: რა გვაქვს საერთო სამ პოლონელ დეპუტატთან, რომლებიც პატივს არ სცემენ ჩვენს მწუხარებას - ამ დღეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ დღევანდელ ფორმაში ევროკავშირი აღარ არის ევროპა თავისი ღირებულებებით
რა გვაქვს საერთო სამ პოლონელ დეპუტატთან, რომლებსაც არაფერი ესმით. არ ესმით არც დემოკრატია, პატივს არ სცემენ სუვერენიტეტს, პატივს არ სცემენ ჩვენს მწუხარებას. ამ დღეებმა ჩვენ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ დღევანდელ ფორმაში ევროკავშირი აღარ არის ევროპა თავისი ღირებულებებით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რითაც გამოეხმაურა ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ინფორმაციას, რომ სამი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს.
პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ პოლონეთის მთავრობის ანტიქართულ პოლიტიკაში გასაკვირი არაფერია.
„ეს არის სამი პოლონელი დეპუტატი, რომლებიც არიან სახალხო პარტიის წევრები და პოლონეთის სახელისუფლებო პარტიის წევრები. სახალხო პარტია ეს არის ის გაერთიანება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ცარიელ სკამს დგამს ყრილობების დროს. ეს არის მათი ღირებულებითი სტანდარტი, რაც გულისხმობს დიქტატორის მხარდაჭერას.
პოლონეთის მთავრობის ანტიქართულ პოლიტიკაში გასაკვირი არაფერია. შეგახსენებთ, რომ მთავრობის ექიმები იყვნენ მიხეილ სააკაშვილთან სპეცოპერაციას რომ ატარებდნენ და წინდებით გაჰქონდათ რაღაც ნიმუშები. პოლონეთის საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრია, რომელიც დიქტატორ სააკაშვილს, რომელმაც საქართველოში წამების სისტემა შექმნა, დემოკრატიის მამოძრავებელ ძალას ეძახის.
როდესაც ვსაუბრობთ ევროპარლამენტის ამ ჯგუფებზე, ქართველ ხალხს ამ ადამიანებთან არანაირი ღირებულებითი კავშირი გვაქვს. ღირებულების მხრივ სხვადასხვა სამყაროში ვართ, ამათთან ჩვენ არაფერი საერთო არ გვაქვს.
ღირებულებითი ერთობა ჩვენ ვნახეთ ამ დღეებში თბილისში, ღირებულებითი ერთობა ვნახეთ ქართველი ერის შიგნით და ვნახეთ სხვა ქვეყნებთან, სხვა ხალხებთან მათი წარმომადგენლების აქ ყოფნით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ცნობით, სამი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს.
იმედი
წყარო: imedinews.ge