
შალვა პაპუაშვილი: დღეს გვყავს ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალიზმში გადავარდნილი ჯგუფი საქართველოს მოქალაქეებისა, რომელსაც უბრალოდ რომ დაანახებ ბრიუსელის რომელიღაც პრესკონფერენციის დარბაზს, რელიგიური საკურთხეველი ჰგონია
დღეს გვყავს ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალიზმში გადავარდნილი ჯგუფი საქართველოს მოქალაქეებისა, რომელსაც უბრალოდ რომ დაანახებ ბრიუსელის რომელიღაც პრესკონფერენციის დარბაზს, რელიგიური საკურთხეველი ჰგონია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს მარკ რუტეს განცხადებაზე, რომელიც ამბობს, რომ დღეს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხრივ გარკვეული შეშფოთება არსებობს და დიალოგი და დისკუსია მნიშვნელოვანია.
„ჩვენი ერთადერთი გზა არის ქართული გზა. უნდათ ისე წარმოაჩინონ, თითქოს საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს რუსეთს, ევროპას, ჩინეთს, ირანს და სხვა მიმართულებებს შორის. არანაირი არჩევანი გასაკეთებელი არ გვაქვს. ჩვენი არჩევანი არის ჩვენი ქვეყნის მშენებლობა, ხალხის ინტერესების დაცვა. თანამედროვე სამყაროში ამ ინტერესების დაცვა რომ გიწევს მტერთანაც და მოყვარესთანაც, მგონი ძალიან კარგად ვხედავთ. ამერიკის შეერთებული შტატებიც კი კონფრონტაციულ დამოკიდებულებაშია ნატო-სთან იმის გამო, რომ ათწლეულები ამერიკა იყო და დღემდე არის პრინციპში თავად ნატო. ამერიკა იცავდა ნატო-ს ევროპულ ნაწილს და როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, ამის საპასუხოდ არაფერს იღებს.
ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ რუსეთთანაც და ევროპასთანაც. ყველასთან გვაქვს დასაცავი და აქ არავის უნდა მივენდოთ ბრმად. ბრმად ვინც მიენდო, მათ შორის ევროპელებს, ვხედავთ, რომ არიან ომში. თავის მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყვნენ ევროპელი ლიდერები, უკრაინაში ომი არ იქნებოდა. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სწორედ ამას ამბობს. ამ ომის დამთავრება შეიძლებოდა 2022 წლის მარტ-აპრილშივე, როდესაც სამშვიდობო შეთანხმებაზე, უფრო უკეთესზე, ვიდრე ახლა არის საუბარი, მზად იყო, პროექტი დადასტურებული იყო. დავით არახამია ხელმძღვანელობდა უკრაინის დელეგაციას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა კიევში და ჩაშალა ეს შეთანხმება. მაშინ რომ პასუხისმგებლობით მოქცეულიყო ბრიტანეთის ხელისუფლება იქნებოდა ეს თუ სხვა ევროპელი ლიდერები, ეს ომი ოთხი წლის წინ დამთავრდებოდა. ქართველმა ხალხმა დაკარგა ნდობა ევროპელების მიმართ და აღდგენას სჭირდება ქმედებები მათი მხრიდან. დღეს გვყავს ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალიზმში გადავარდნილი ჯგუფი საქართველოს მოქალაქეებისა, რომელსაც უბრალოდ რომ დაანახებ ბრიუსელის რომელიღაც პრესკონფერენციის დარბაზს, რელიგიური საკურთხეველი ჰგონია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge