ვარლამ ლიპარტელიანი: ყველასთვის ძალიან ემოციური და მტკივნეული იყო ჩვენი უწმინდესის გარდაცვალება, მაგრამ, თავისი გარდაცვალებით მან მოახერხა ის, რაც ალბათ, არც ერთ ჩვენგანს არ გვინახავს - მართლა შეძლო ჩვენი ერის გაერთიანება

ვარლამ ლიპარტელიანი: ყველასთვის ძალიან ემოციური და მტკივნეული იყო ჩვენი უწმინდესის გარდაცვალება, მაგრამ, თავისი გარდაცვალებით მან მოახერხა ის, რაც ალბათ, არც ერთ ჩვენგანს არ გვინახავს - მართლა შეძლო ჩვენი ერის გაერთიანება

იმედი|imedinews.ge

ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან ემოციური, ძალიან მტკივნეული იყო ჩვენი უწმინდესის გარდაცვალება, მაგრამ თავისი გარდაცვალებით, მან მოახერხა ის, რაც ალბათ, არც ერთ ჩვენგანს არ გვინახავს და საქართველოს ისტორიაში, შეიძლება არც მომხდარა. იმხელა სითბო, სიყვარული დათესა ერში, რომ მან მართლა შეძლო ჩვენი ერის გაერთიანება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, გადაცემაში "იმედის დღე" განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე გამორჩეული და ეპოქალური ადამიანი იყო, მისი სულის უკვდავსაყოფად კი, საზოგადოებამ მისი დანაბარები უნდა შეასრულოს - უყვარდეს და პატივი სცეს ერთმანეთს.

"მის ერთ-ერთ ინტერვიუს ვუსმენდი, სადაც იძახის, რომ, როდესაც სამების ტაძარი შენდებოდა, ჩემი მთავარი სურვილი იყო, აქ გაერთიანებულიყო ქართველი ხალხი, ან ღმერთი მოსულიყო, ან ცა ჩამოსულიყოო და ვფიქრობ, ეს ყველაფერი მართლაც ახდა. ახლაც ემოციებში ვარ, იმიტომ, რომ ყოველდღიურად მომიწია იქ ყოფნა. მე, ჩემი ბავშვი და დედაჩემი, დაახლოებით 10 საათის განმავლობაში ვიყავით რიგში და იქ ადამიანებში ერთმანეთის მიმართ საოცარი სითბო, მზრუნველობა სუფევდა იქ. მადლობა მას ამისთვის, მართლაც გამორჩეული და ეპოქალური ადამიანი იყო და ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, თუ გვინდა, რომ მისი სული უკვდავვყოთ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევძლოთ, მისი დანაბარები შევასრულოთ - პატივი ვცეთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი," - აღნიშნა ლიპარტელიანმა.

მისივე თქმით, დიდი შეჯიბრების წინ, უწმინდესი სპორტსმენებს ლოცავდა და მისი მთავარი დარიგება იყო, ებრძოლათ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ქვეყნისათვის.

"საბედნიეროდ, მხვდა წილად ეს ბედნიერება, რომ დიდ შეჯიბრებებზე როცა მივდიოდით ხოლმე, ეს იქნებოდა ოლიმპიური თამაშები, ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი - უწმინდესი ყოველთვის გვხვდებოდა, გვლოცავდა, დარიგებებს გვაძლევდა და მისი მთავარი დარიგება ყოველთვის იყო ის, რომ არ გვებრძოლა საკუთარი თავისთვის, ჩვენ წარმოვადგენდით ჩვენს ქვეყანას და ქვეყნის გულისთვის იყო ეს ყველაფერი. ვიღაცამ შეიძლება ეს აღიქვას, როგორც, არაფერი, მაგრამ ჩემთვის და სპორტსმენებისთვის ზოგადად, ყველაფერი იყო ეს, იმიტომ, რომ როდესაც შენი ქვეყნისთვის იბრძვი და შენი ქვეყნის სახელი უნდა გაიტანო საზღვრებს გარეთ, ყველაფერს აკეთებ ამისთვის. ხანდახან, როდესაც მარტო შენი თავისთვის აკეთებ, შეიძლება რაღაც დაიზარო და თქვა, რომ არ შემიძლია, ნაკლები იყოს პასუხისმგებლობა. მადლობა მას და კი ვხედავთ, რამხელა შედეგებს აღწევდნენ და ვაღწევთ," - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია