
დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალების მხრიდან ანტიეკლესიური კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ეკლესიისა და რწმენისგან ჩამოშორებას
რადიკალების მხრიდან ანტიეკლესიურ კამპანიაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი განცხადებით, აღნიშნული პროცესები ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო და ამ ეტაპზე განსაკუთრებით გააქტიურდა, რაც, მისი შეფასებით, საზოგადოების მართვადობის გაზრდას ემსახურება.
„უცხო არ არის რადიკალების მხრიდან ანტიეკლესიური კამპანიის წარმოება. ეს მათ ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყეს და ახლა გააქტიურდნენ. მათ აქვთ კონკრეტული მიზანი - საზოგადოება ჩამოაშორონ ეკლესიას და რწმენას, გახადონ სათავისოდ ადვილად მართვადი.
სწორედ ამიტომ გააქტიურდნენ განსაკუთრებით პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, თითქოს მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, რომ არ ჩარეულიყვნენ სინოდის საქმიანობაში, რათა მოხდეს ახალი პატრიარქის შერჩევა, მაგრამ თავად აქტიურად ერთვებიან და არ ერიდებიან არავის დისკრედიტაციას. განსაკუთრებული სამიზნე მათთვის არის მოსაყდრე შიო.
ეს ემსახურება კონკრეტულ მიზანს - ეს არის დაკვეთა, რომელსაც ისინი ასრულებენ, თუმცა საზოგადოება, როგორც ვნახეთ, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, ერთიანია და სინოდს უნდა ვაცადოთ, რომ თავად შეარჩიოს ახალი პატრიარქი. ვფიქრობ, პატრიარქის დანაბარები არის ანგარიშგასაწევი, რადგან არ მგონია ვინმეს უკეთ შეეძლოს არჩევა, თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს მომდევნო პატრიარქი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge