საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი UNFPA-ს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი UNFPA-ს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს, ფლორენს ბაუერს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ გაეროს სააგენტოების ერთობლივ ძალისხმევას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს მდგრად განვითარებასა და ინსტიტუციურ პროგრესში.

„შეხვედრისას, ხაზი გაესვა გაეროს მოსახლეობის ფონდის მნიშვნელოვან როლს ადამიანის უფლებების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესში. მათ შორის, ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქალთა უფლებების დაცვისა და გაძლიერების მიმართულებით.

საუბარი შეეხო ქვეყანაში დემოგრაფიული კუთხით არსებულ მდგომარეობას და აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად გადასადგმელ ნაბიჯებს, მათ შორის, შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების ნაწილში.

აღინიშნა, რომ ქვეყანას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით.

შეხვედრისას, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026-2030) ფარგლებში არსებულ ნაყოფიერ პარტნიორობას და ითქვა, რომ დოკუმენტი განვითარების პროგრამების ეროვნულ პრიორიტეტებთან და მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანაზეა ორიენტირებული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია