
დიმიტრი ხუნდაძე: ურთიერთობების გადატვირთვის მზაობა იყო, ვიზიტები ძალიან მრავლად - საქმიანი და შედეგიანი და სწორედ ამას მოჰყვა, რომ ბატონი რუბიო აკეთებს ზარს პრემიერთან და აქვთ გულწრფელი საუბარი
ურთიერთობების გადატვირთვის მზაობა იყო, ვიზიტები ძალიან მრავლად - საქმიანი და შედეგიანი და სწორედ ამას მოჰყვა, რომ ბატონი რუბიო აკეთებს ზარს პრემიერთან და აქვთ გულწრფელი საუბარი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.
მისი თქმით, რუბიოს ზარს წინ უძღოდა ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ურთიერთობების გადატვირთვის კუთხით გადადგა.
„ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა მაგრამ ეს არ მომხდარა უცბად, რომ რუბიოს გაახსენდა საქართველო და დარეკა. ამას ჰქონდა თავისი წინაპირობები. გახსოვთ ალბათ, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე იმყოფებოდა აშშ-ში. იყო ვიზიტები საგარეო საქმეთა მინისტრის, იყო საგარეო საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ასევე, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი და შეხვედრები პრეზიდენტთან, ამერიკის მაღალ პოლიტიკურ წარმომადგენლობასთან. იყო ღია განაცხადი, რომ საქართველო მზად არის მოხდეს გადატვირთვა აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობებში. მზაობა იყო, ვიზიტები ძალიან მრავლად - საქმიანი და შედეგიანი და სწორედ ამას მოჰყვა. როცა არის მზაობა ორმხრივი, იქნება საქართველოდან ამერიკაში ვიზიტი, ამერიკიდან საქართველოში და იქნება ზარიც ერთი თუ მეორე მიმართულებით.
რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, როცა ბატონი რუბიო აკეთებს ზარს პრემიერთან და აქვთ გულწრფელი საუბარი რა ინფორმაციაც გაჟღერდა. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, რომ დაახლოება მოხდება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge