
თეა წულუკიანი რადიკალების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ კამპანიაზე: ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია
„ჩემი აზრით, ეს კამპანია იმ მიზანს ისახავს, რა მიზანსაც აქამდე და მრავალი წლის მანძილზე ისახავდა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა რადიკალების მხრიდან საპატრიარქოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე.
თეა წულუკიანის თქმით, „შიდა მტრულმა ძალებმა, განსაკუთრებით იმ მტრულმა გარე ძალებმა, რომლებიც შიდა მტრულად განწყობილ ძალებს მართავენ, ყველაზე კარგად უწყიან, რომ ქართველი ერის მარტივად მართვა, მისი დასუსტება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი ქართულ ეკლესიას დააკნინებენ, დაასუსტებენ და ძალას გამოაცლიან“.
„ამას ვერ ახერხებდნენ მიუხედავად საშინელი ცილისწამებისა, მიუხედავად საშინელი დარტყმებისა ილია მეორეზე. ამას მისი პატრიარქობისას ვერ ახერხებდნენ, თუმცა მცდელობა იყო მრავალნაირი და მრავალგზის. ამ მცდელობებს ახლა აძლიერებენ იმიტომ, რომ მათი გაგებით არის რაღაც ტიპის „კარგი მომენტი“ მათი მზაკვრული გეგმების განსახორციელებლად.
რაც შეეხება საერო ხელისუფლებას, მთავრობას, ჩვენი ინტერესი არის ერთადერთი, რომ ამ გამორჩევის თუ შერჩევის, არჩევის პროცედურას გარშემო თან ახლდეს მაქსიმალური სიმშვიდე, მაქსიმალური კეთილგანწყობა, ზოგადად ეკლესიისადმი და არა რომელიმე ერთი კანდიდატისადმი იმისათვის, რომ წმინდა სინოდმა თავისი წმინდა ფუნქცია კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალური სიმშვიდის პირობებში შეასრულოს.
მე, პირადად ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ასე იქნება, რაც არ უნდა ბუნებრივი ვნებათაღელვა ამ პროცესს ახლდეს. ილია მეორემ თავისი ხმამაღალი სიტყვა თქვა ქართველი ერის წინაშე მისი სიცოცხლის მანძილზე. მისი გარდაცვალების შემდეგ თქვა არანაკლებ ხმამაღალი სიტყვა, როდესაც ყველა გაერთიანდა მისი ხსოვნის და მისდამი პატივის მიგების პრინციპის გარშემო“, - აღნიშნა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge