
თეა წულუკიანი: წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია
წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, მემკვიდრეობა რაც ილია მეორემ მათ დაუტოვა, ძალიან დამაიმედებელია.
„ილია მეორემ თავისი ხმამაღალი სიტყვა თქვა ქართველი ერის წინაშე მისი სიცოცხლის მანძილზე. მისი გარდაცვალების შემდეგ თქვა არანაკლებ ხმამაღალი სიტყვა, როდესაც ყველა გაერთიანდა მისი ხსოვნის და მისდამი პატივის მიგების პრინციპის გარშემო. განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა თუ რელიგიური მრწამსისა.
რეალურად, წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია. თანაც, მემკვიდრეობა რაც ილია მეორემ მათ დაუტოვა, ძალიან დამაიმედებელია. მე პირადად შევსწრებივარ 2010 წელს, როდესაც პატრიარქი საპატრიარქოში, საერო ენაზე რომ ვთქვათ, თათბირს მართავდა. ამ შეკრებას ესწრებოდა თითქმის ყველა მეუფე და მათ სჭირდებოდათ რამდენიმე იურისტის აზრი. მაშინ მე ჯერ არ გახლდით ხელისუფლების წარმომადგენელი და ვიყავი ამ რანგში მიწვეული. ჩემთვის გასაოცარი იყო და ყოველთვის მემახსოვრება ის სტილი, თუ მეთოდი, რომლითაც პატრიარქი ამ სხდომას უძღვებოდა. ისიც მახსოვს, რომ მარტივ პროცედურულ საკითხზე უცაბედად გაჩნდა სხვადასხვა აზრი. ვერ გამოიკვეთა, როგორც ეს მაგალითად პარლამენტში ხდება ან სხვა საერო ხელისუფლების წიაღში თათბირისას, არ გამოიკვეთა ერთიანი აზრი. მე, როგორც მოწმე ამას ისე ვყვები, ეს ჩემი თვალით ვნახე, პატრიარქმა, თითქოს ეს არ უნდა ხდებოდეს ასე ეკლესიებში, მაგრამ მის ხელში ასე ხდებოდა, რომ თქვა, რაკი ერთიანი აზრი არ არის, მოდით დავაყენოთ ეს საკითხი კენჭისყრაზე. ეს უცნაურად ჟღერს თითქოს, მაგრამ ეს მთლიანად მისი სტილი იყო, დემოკრატიული, თავისუფალი მმართველობა. შიგნით ყველას ჰქონოდა აზრის გამოთქმის საშუალება და ასე გვექცეოდა ის ჩვენც, ყველა იმ საერო პირს, იქნებოდა ეს მრევლის წევრი თუ ხელისუფლების წარმომადგენელი, ვისაც ჰქონდა ბედნიერება მას, თუნდაც ერთხელ შეხვედროდა. როგორიც იყო კენჭისყრის შედეგი, შემდეგ ხმა არავის ამოუღია იმიტომ, რომ უმრავლესობის აზრი იყო გადამწყვეტი.
ეს დიდი მემკვიდრეობაა. ამიტომ, წმინდა სინოდი, დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად იდენტური პრინციპებით, იდენტური სიმშვიდით, ერთმანეთისადმი პატივისცემით, რასაც ამ დღეებშიც ვხედავთ, რომ არა ის მავნებელი ძალები, რომლებიც გარედან თავდასხმებს ახორციელებენ, შიგნიდან მომდინარეობს აბსოლუტური სიმშვიდე.
ვნახოთ როგორ წარიმართება პროცესი. ჩვენ, როგორც საერო ხელისუფლება, ყველანაირ გადაწყვეტილებას ვცემთ პატივს. მინდა, რომ ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის მიერ ნდობა გამოცხადებულ მეუფეს, მოსაყდრეს, უკვე დამტკიცებულს წმინდა სინოდისა, უკვე რამდენიმე საათში რომ გაიმართება სხდომა, იმის ფარგლებში დიდი წარმატება ვუსურვო. შემდგომი პროცედურებისასაც, ვინაიდან მას აკისრია პასუხისმგებლობა საორგანიზაციო საქმეების წარმართვისას თავის სინოდის წევრებთან ერთად“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge