
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს მოუსმინეს
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სამსახურის მიერ 2025 წელს განხორციელებულ საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
ნდობის ჯგუფის წევრებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. დეტალურად განიხილეს ყველა ის მიმართულება, რომელიც სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობას, სპეციალური პროგრამების შესრულების მიმდინარეობას და საიდუმლო საქმიანობისთვის განკუთვნილ საკითხებს უკავშირდება.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დღეს ერთ-ერთი გამართული სახელმწიფო უწყებაა, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით, საქმისადმი ერთგულებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურული, ლოგისტიკური და ოპერატიულ-ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილ განსაკუთრებულ სამსახურს წარმოადგენს. სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე პროფესიული გადამზადების კუთხით. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო-საწვრთნელი ბაზა გამორჩეულია არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, მის წინაშე დასმული ამოცანები მაღალ დონეზე და პროფესიულად შესრულდეს“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტაბატაძემ.
შეხვედრას ნდობის ჯგუფის წევრები: არჩილ გორდულაძე, თენგიზ შარმანაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე დაესწრნენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge