
დავით ქართველიშვილი: მარტა კოსის საკითხით უნდა დაინტერესდეს ევროკომისია, ვის ჩააბარა გაფართოების საკითხებში ევროკომისია - უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომელს, თუ უმწიკვლო ბიოგრაფიის მქონე ადამიანს
ის, რაც გაჟღერდა ევროპარლამენტის კედლებში მარტის თვეში და ეხება იგორ ომერზას, სლოვენიელი პუბლიცისტის წიგნს, რომელიც მიუძღვნა მარტა კოსს, როგორც ყოფილი იუგოსლავიის და სლოვენიის სპეცსამსახურების აგენტს, მოიცავს იმდენ არქივულ მასალას და ოპერატიულ დოკუმენტს თავისი ოპერატიული მეტსახელებით, რომ მართლაც წააგავს სიმართლეს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარზე, მარტა კოსზე საუბრისას.
მისივე თქმით, აღნიშნული სიმართლეა თუ არა, დაადგენს სასამართლო, მაგრამ ეს უკვე მარტა კოსის საქმეა.
„ჩვენ მის მაგივრად ვერც თავს ვიმართლებთ და ვერც გამოვძვრებით ამ ძალიან უხერხული მდგომარეობიდან. მისი საკითხით უნდა დაინტერესდეს ევროკომისია, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც სპეციალური მოკვლევა უნდა ჩაატაროს, ვის ჩააბარა გაფართოების საკითხებში ევროკომისია - უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომელს, თუ უმწიკვლო ბიოგრაფიის მქონე ადამიანს“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
დავით ქართველიშვილმა ასევე ისაუბრა, თუ რამდენად მაღალია ალბათობა, რომ ევროკომისრის წარსულზე ინფორმაცია აქვს რუსეთის სპეცსამსახურებს.
„ამის ალბათობა ძალიან მაღალია. თუ შევადარებთ საბჭოთა კავშირის დაშლას და იუგოსლავიის დაშლას, მოსკოვმა საქართველოში პირველი რაც, გააკეთა იყო ის, რომ საქართველოდან გაიტანა „კგბ“-ს არქივული მასალები, რომელიც მოიცავდა აგენტურულ მონაცემებს. [იუგოსლავიიდან ანალოგიური დოკუმენტების გატანას] ამას ვერ გამოვრიცხავთ, ვინაიდან პრეცედენტი არსებობს და ის, რომ იუგოსლავიის სპეცსამსახურები მუდმივი მონიტორინგის და კონტროლის ქვეშ იმართებოდა მოსკოვის, „კგბ“-ს მიერ, ეს არავითარ ეჭვს არ იწვევს“, - განმარტა დავით ქართველიშვილმა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს ახალი ბრალდებები წაუყენეს, რომ ის 1980-იან წლებში იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა. გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ეს საკითხი გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ახალი მტკიცებულებები აქვს.
იმედი
წყარო: imedinews.ge