
თამთა მეგრელიშვილი: სიბეცეა ისაუბრო ვინ ვის წინ, ან უკან დადგება, მთავარია, რომ როცა სახელმწიფოს სჭირდება გუნდში ყველა თავის საკეთებელს აკეთებს და მათი სტატუსი მხოლოდ მისაღები გადაწყვეტილებების მიმართ მომეტებულ პასუხისმგებლობაშია
„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მასპინძლობისას, ირაკლი კობახიძის შესახებ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მეგრელიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძე შეხვედრაზე მოქმედებდა ეტიკეტის დაცვით, ხოლო ოპოზიციამ ვერ გაიაზრა პრემიერ-მინისტრის ქცევა, რამდენადაც ისინი მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე არიან გაზრდილები.
მისივე თქმით, ოპოზიციის ქცევა „სიბეცეა“, რომელიც მათ პოლიტიკურ მდგომარეობას გადმოსცემს.
„ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ წონას მთელი ოპოზიციური სპექტრის ერთად აღებული პოლიტიკური წონა ვერ გადაწონის.
კიდევ დიდხანს უნდა იმეცადინოთ, რომ მას განათლებით, სიტყვასა და ქცევაში ჩვეული ზომიერებით, ეტიკეტით გაუტოლდეთ, არათუ აჯობოთ.
ოპოზიცია, რომელიც, ანგარიშგასაწევ ძალად, მხოლოდ მათივე პოლიტიკურ ჩატებში შემორჩა, შეკვეთილ ნარატივებზე ბევრს მუშაობს, მაგრამ ირაკლი კობახიძეზე ისეთი ვერაფერი მოიგონეს რომ ხალხს დააჯერონ.
ვერ უწუნებენ განათლებას! ვერ უწუნებენ პოლიტიკურ ზომიერებას! ვერ უწუნებენ ქცევას! ვერ აბრალებენ კორუფციას! ვერ აბრალებენ ნეპოტიზმს! ვერ აბრალებენ ამორალურობასა და უღირსობას! შესაბამისად, ყველა მცდელობა, დააკნინონ მისი პიროვნება და როლი, ისევ მის სასიკეთოდ მუშაობს.
საქართველოში ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი თავდაპირველად ქვეყნის პრეზიდენტს, შემდეგ პრემიერ-მინისტრს და ბოლოს პარტიის საპატიო თავმჯდომარეს შეხვდა.
ბიძინა ივანიშვილმა მას ბიზნესცენტრში უმასპინძლა.
ამ შეხვედრის ამსახველი კადრები გავრცელდა, სადაც ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის უკან დგას და ეტიკეტის დაცვით ის არც ჩამორჩება და არც წინ უსწრებს მათ.
ოპოზიციამ, რომელიც პოლიტიკურ ფსკერზეა, ვერ გაიაზრა პრემიერის ამგვარი ქცევა და საკუთარ ბაბლს აჯერებს, რომ პრემიერის ეს ქცევა აკნინებს მას.
ოპოზიციის არ მიკვირს, ისინი ხომ მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე გაიზარდნენ, სადაც მათი ბელადი სულ წინ გარბოდა (2008 წლის ომს თუ არ ჩავთვლით, სადაც მხოლოდ სხვებს ეფარებოდა და იმალებოდა) ის პატრიარქსაც კი არაფრად აგდებდა.
არსებობს კადრები, მიხეილ სააკაშვილი როგორ გარბის პატრიარქის წინ და პატრიარქისათვის განკუთვნილ სკამში, სავარაუდოდ კოკაინით გაბრუებული როგორ ჯდება.
ასე რომ ოპოზიციისათვის ეს მოდელია მისაღებიც და სწორიც და მე ამ სიბნელეს გულწრფელად თანავუგრძნობ მათ. ყველა პროფესიაში, ყველა თანამდებობაზე, არსებობს წესები რომლის დაცვაც აუცილებელია.
ამ წესების დაცვას სჭირდება შინაგანი კულტურა და ქედმაღლობის ნაცვლად შინაგანი სიმდაბლე, რომ გაუძლო პასუხისმგებლობებს ისე, რომ პროფესიაში, პოლიტიკურ წოდებაში დარჩე პროფესიონალ პირად და რაც მთავარია ადამიანად.
პრემიერი, ირაკლი კობახიძე, არ სცდება პროფესიულ და ეთიკურ საზღვრებს, მას ამის განათლება, კულტურა და შინაგანი ძალა აქვს. ოპოზიციის ეს ნარატივი, მხოლოდ მათ თავზე მეტყველებს და მათი პოლიტიკური მდგომარეობის პირდაპირი ანარეკლია.
სიბეცეა ისაუბრო, ვინ ვის წინ ან უკან დადგება, მთავარია, რომ როცა სახელმწიფოს სჭირდება გუნდში ყველა თავის საკეთებელს აკეთებს და მათი სტატუსი მხოლოდ მისაღები გადაწყვეტილებების მიმართ მომეტებულ პასუხისმგებლობაშია“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
იმედი
წყარო: imedinews.ge