
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა ინერგება
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე იმსჯელა, რომელიც სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა წარადგინა.
პროექტის თანახმად, ინერგება ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა. აღნიშნული კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა 5 წლის მოქმედების ვადით და საქართველოში ყოფნის 1 წლის ვადით.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, აღნიშნული კატეგორიის ვიზა გაიცემა საქართველოში უსაფრთხო ქვეყნებიდან მომავალ პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის ტურისტული მიზნით და რომელსაც ასევე აქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ, თუ ეს საქმიანობა უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას. აღნიშნული ვიზა ასევე გაიცემა ამ პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებზე.
„C5 კატეგორიის ვიზა არის მიზნობრივი და თანამედროვე ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომლის შემოღებით მოხდება უსაფრთხო ქვეყნებიდან დაბალრისკიანი და მაღალშემოსავლიანი ვიზიტორების მოზიდვა. აღნიშნული კატეგორიის ვიზა ქმნის დამატებით შესაძლებლობას ინვესტიციების მოსაზიდად. ასევე, წარმოდგენილ ინიციატივას მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესების კუთხითაც“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
წარმოდგენილი ცვლილებით განისაზღვრება, რომ საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ დაექვემდებარება.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონებში, რომლის თანახმად, C5 კატეგორიის ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის მოსაკრებელი და ბაჟი განისაზღვრება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 500 აშშ დოლარის ოდენობით.
იმედი
წყარო: imedinews.ge