
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას.
როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, თუ უცხო ქვეყნის საელჩო საკუთარი მიზნებისთვის თანხებს საკუთარი სახელმწიფოსგან მიიღებს ეს გრანტად არ ჩაითვლება და შესაბამისად, არც საქართველოს მთავრობის თანხმობა იქნება საჭირო.
მისივე თქმით, თუ საელჩო დააპირებს გრანტი გასცეს საქართველოს მოქალაქეზე, ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, ამისთვის კვლავაც საჭირო იქნება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება.
„წარმოდგენილი კანონპროექტით შინაარსობრივად არაფერი იცვლება. მოქმედი რედაქციის თანახმადაც, საელჩოებზე და დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე გაცემული თანხები, რომლებიც მათსავე სახელმწიფოსგან მომდინარეობს და საელჩოს ფუნქციონირებაზეა მიმართული, გრანტად არ ითვლებოდა, იქედან გამომდინარე, რომ ვენის კონვენცია მოქმედებს, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებაა და მას უფრო მაღალი იურიდიული ძალა აქვს, ვიდრე საქართველოს კანონს. მაგრამ იმისთვის, რომ ადგილი არ ჰქონდეს სპეკულაციებს და არ ითქვას, თითქოს საელჩოს მიერ საკუთარი სახელმწიფოსგან ოპერაციული ხარჯებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად თანხის მიღება საქართველოს მთავრობასთან სავალდებულოდ შესათანხმებელია, კანონში შესაბამისი ჩანაწერი კეთდება“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge