
ბითაძე: ვინ იქნება ხელისუფლებაში - ამას მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს და ე.წ. ახალი პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც მხილებულნი არიან საქართველოს ღალატში, ვერ იქონიებენ გავლენას საქართველოს სამომავლო პოლიტიკაზე
თუ დიდ სურათს შევხედავთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების, ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მსოფლიოში წესრიგი იცვლება და ასეთი ძალთა გადანაწილება მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ არ მომხდარა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
მისი თქმით, ამ სიტუაციაში გონივრულად უნდა ავუწყოთ ფეხი მიმდინარე პროცესებს და მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს.
„სწორედ ეს იწვევს იმ ცრუ ნარატივების დისტრიბუციის ფართო კამპანიას, რასაც არამხოლოდ საქართველოში, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც აქვს ადგილი. ესაა ის, რასაც ჩვენ ღირებულებით ომს ვუწოდებთ. ის ვინც ჩვენ მხარეს არ არის ჩვენი მტერია, - ესაა ის ნარატივი, რასაც ზოგი ბიუროკრატი ავრცელებს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ შესაძლებელია ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. სწორედ ეს არის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა და ის შუა დერეფანი, რომელიც არის ევროკავშირის სახელმწიფოებისთვის ენერგიის მიწოდების და მათ შორის სხვა მიწოდების ჯაჭვების უალტერნატივო გზა. შესაბამისად ის, რომ მათ აქ არ ეგულებოდათ ის ხელისუფლება, რომელიც მათ დაკრულზე ითამაშებდა, დღესაც რჩება მიზნად, რომ ძალისმიერი მეთოდებით შეიცვალოს ხელისუფლება. საქართველოს ლოგისტიკური და სატრანსპორტო, ენერგეტიკული დერეფნის პოტენციალი ბუნებრივია კვლავ დარჩება ევროპის კონტინენტის, ევროკავშირის სახელმწიფოების მთავარ ინტერესად, თუმცა მათ მოუწევთ გააზრება, რომ თუ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლება, ამას მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს და ვერანაირი ე.წ. ახალი პოლიტიკური გაერთიანებები, ძველი და 30-წლიანი პოლიტიკური სტაჟით, რომლებიც მხილებულნი არიან საქართველოს მოსახლეობის მიერ საქართველოს ღალატში, ვერ იქონიებენ გავლენას საქართველოს სამომავლო პოლიტიკაზე. ის რაც ხდება დღეს მსოფლიოში, რეგიონში, ომები, მათ შორის ის დაძაბულობა რაც აშშ-ევროკავშირს შორის არის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არის, ეს ყველაფერი არის ის, რომ მსოფლიო იცვლება და ახლა მსოფლიოში ინტერესები სულ სხვაა, ჩვენ კი ფეხი უნდა ავუწყოთ გონივრულად იმ მდგომარეობას, რაც მსოფლიოშია და მაქსიმალურად მოვუფრთხილდეთ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, მუდამ გვახსოვდეს, რომ ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია და ნებისმიერი მკვეთრი ნაბიჯი, პირველ რიგში გაართულებს იმ მდგომარეობას, რაც აქვს საქართველოს.
თუმცა ვხედავთ, რომ ამ ფრთხილმა, პრაგმატულმა, დიპლომატიურმა პოლიტიკამ მოუტანა საქართველოს არნახული ეკონომიკური ზრდა მიუხედავად რეგიონში არსებული დაძაბულობისა და ომებისა და ასევე პოტენციალი, რომ ჩვენი სატრანსპორტო საშუალებები გავაძლიეროთ, რაც არის, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ცენტრალური მაგისტრალები, ანაკლიის პორტი, კავშირები ქალაქებს შორის, რაც ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ბითაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge