
მაია ბითაძე: ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში გერმანიის მთავრობა გაიაზრებს, რომ საქართველოს და მის ხელისუფლებას გერმანია პატივისცემით უნდა მოეპყროს
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არგანახლებას აფასებს.
„ეს მიუთითებს საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და ზოგადად დიპლომატიური ურთიერთობებისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაზე, რაც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში რეგულარულ რეჟიმშია გადაზრდილი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში გერმანიის მთავრობა გაიაზრებს, რომ საქართველოს და მის ხელისუფლებას გერმანია პატივისცემით უნდა მოეპყროს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა. საქმე ეხება ოფიციალური მონაცემების განახლებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი. ოფიციალური წერილის მიუხედავად მონაცემები ამ დრომდე განახლებული არ არის, ეს მაშინ როცა გერმანიას იგივე მიდგომა არ აქვს მაგალითად, რუსეთისა და სირიის შემთხვევაში.
რატომ არ აახლებენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე - ამ კითხვით „ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოს საქართველოში მიმართა და პასუხს ამ დრომდე ელოდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge