
ლევან მაჭავარიანი: ვერავინ დაგვახევინებს უკან იმასთან დაკავშირებით, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის შესახებ მივიღოთ საქართველოში და შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა
ევროკავშირმა იცის, რომ მიუხედავად მათი ამდენი უსამართლობისა, ჩვენ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი დელეგაციის ვიზიტი, რომელიც წინა წლის 21 ნოემბერს იყო დაგეგმილი და ეს შეხვერდა ევროკავშირმა ჩაშალა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ბრიუსელში უნდა გაიგონ, რომ საქართველო არ არის ვასალი ქვეყანა.
„პარალელს გავავლებ - როდესაც აშშ-ის ადმინისტრაცია შეიცვალა, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ ურთიერთობის აღდგენით დაკავებულები ვართ. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის სიტყვებია, თუ ბატონი რუბიოსი - ისეთი მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, რომ სერიოზული დრო გვჭირდება რაღაცებში გავერკვეთო. მადლობა ღმერთს, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს ეს ყველაფერი და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. შესაბამისად, თუ ანალოგიური გადახედვა არ მოხდა ევროკავშირისგან, არაფერი გამოვა. ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, რომ საქართველო არ არის ვასალი, არ არის პროქსი ქვეყანა, უნდა დასხდნენ და ჩვენთან ისაუბრონ. მიუხედავად იმისა რომ 4 წლის განმავლობაში ხუთჯერ დაგვიგეგმეს რევოლუციური სცენარები, ვერ ანაცვლებენ „ქართულ ოცნებას“ ვერც არჩევნების გზით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის არჩევნები ბრიუსელმა ჩაატარა და უნდა შეეგუონ, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა ესაუბრონ. ან უნდა დაველოდოთ ისეთ ცვლილებებს, როგორიც აშშ-ში მოხდა. ამასთან, შეგახსენებთ, შუა კორიდორის მნიშვნელობა არის გაასმაგებული, უალტერნატივო მარშრუტია და მინიმუმ რუკაზე მაინც უნდა შეგვიმჩნიონ. შესაბამისად, ამ უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ევროკავშირს ძალიან ვჭირდებით და ვიმედოვნოთ, რომ საღი აზრი ამ მმართველ კლასში ადრე თუ გვიან გაიღვიძებს. ჩვენ არც თავმოყვარეობაზე, არც ღირსებაზე ვიტყვით უარს და ვერავინ დაგვახევინებს უკან იმასთან დაკავშირებით, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის შესახებ მივიღოთ საქართველოში და შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge