
სალია: კომიტეტის სხდომაზე ვისაუბრე იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს საჯარო მმართველობის განვითარების სფეროში - ჩვენი მაგალითი ბევრისთვის არის საინტერესო, ბევრი აღიარებს საქართველოს წინსვლას საჯარო მმართველობის გაუმჯობესების პროცესში
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.
მისი თქმით, ამ კომიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა განსაზღვროს ძირითადი მიმართულებები საჯარო მმართველობის სფეროში და მონაწილე ქვეყნის მთავრობებს ხელი შეუწყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე და ეფექტური მმართველობის სისტემის დანერგვაში.
„ჩვენი მონაწილეობა ამ საერთაშორისო ღონისძიებაში ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მქონდა შესაძლებლობა კომიტეტის სხდომაზე მესაუბრა იმ მიღწევებზე, რაც საქართველოს აქვს საჯარო მმართველობის განვითარების სფეროში, მესაუბრა რეფორმებზე, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა, რომელიც მიმდინარეობს და მომავალში განხორციელდება. საუბარი გვქონდა ისეთ პროექტებზე, როგორიცაა ერთი ფანჯრის პრინციპი, როდესაც მომსახურება გაიცემა მომხმარებელზე ერთი ფანჯრის პრინციპით და ამ პრინციპის გამოყენების ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. ვისაუბრეთ იმ მომავალ ფორუმზე, რომელიც თბილისში გაიმართება 23-25 ივნისს. შეგახსენებთ, რომ თბილისი მასპინძლობს გაეროს საჯარო სერვისების საერთაშორისო ფორუმს.
მოვისმინეთ შეკითხვები რეფორმებთან დაკავშირებით, გამოვხატეთ მზადყოფნა ურთიერთობის გაღრმავების, რადგან ჩვენი მაგალითი ბევრისთვის არის საინტერესო და ბევრი აღიარებს საქართველოს წინსვლას საჯარო მმართველობის გაუმჯობესების მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის პროცესში“, - განაცხადა სალიამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge