
მაკა ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს, რომ ის ურთიერთობები, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოსა და უნგრეთს შორის, კიდევ უფრო განვითარდება და არანაირად არ გვექნება უკუსვლა ახალი ხელისუფლების პირობებში
ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა, ძალიან მტკიცე მხარდამჭერები იყო საქართველოსთვის და ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ. ზოგადად, საქართველოსა და უნგრეთს შორის ძალიან კარგი, მტკიცე, მეგობრული ურთიერთობაა ჩამოყალიბებული, რომელსაც უკვე აქვს თავისი ინსტიტუციური ფორმა მიღებული, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, „ღამის კურიერის" ეთერში საუბრისას.
მან იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთის ახალი ხელისუფლების პირობებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება.
„ჩვენ გვაქვს შემუშავებული მთავრობებს შორის დიალოგის საკმაოდ ინტენსიური ფორმატები. იმედი მაქვს, რომ ეს ასე გაგრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ ხალხის არჩევანს, ეს დემოკრატიის წესია. ეს არჩევანი გააკეთა უნგრელმა ხალხმა და ყველა ვალდებულია, პატივი სცეს ამ არჩევანს.
იმედი მაქვს, რომ ის ურთიერთობები, რომელიც ჩამოყალიბდა ორ ქვეყანას შორის, კიდევ უფრო განვითარდება და არანაირად არ გვექნება უკუსვლა ამ ურთიერთობებში ახალი ხელისუფლების პირობებში. რთულია ჩვენთვის, განსაზღვრო, თუ როგორი იქნება ახალი ხელისუფლება სხვადასხვა მიმართულებით, თუ რა პოლიტიკას გაატარებს, ვინაიდან ამ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს ხელისუფლებაში ყოფნის ისტორია რომ განვსაზღვროთ და გავაკეთოთ რაღაც წინასწარი შეფასებები, თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდშიც, ვერ ვიტყვი, რომ მას მკვეთრად განსხვავებული პოზიციები ჰქონდა ორბანის პარტიისგან ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებით და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მსგავსი იყო მათი პოზიციები უნგრეთისთვის მნიშვნელოვან თემებზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge