
ლევან მაჭავარიანი: მშვიდობა და სტაბილურობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველა აცნობიერებს, რომ „ქართული ოცნება“ ასჯერ ზომავს თითოეულ ნაბიჯს, იმისთვის, რომ საქართველოში ოდნავადაც არ გაიზარდოს უსაფრთხოების რისკები, ყველაფერს ვაზღვევთ
უნგრელმა ხალხმა გააკეთა არჩევანი. რა თქმა უნდა მივესალმებით უნგრელი ხალხის არჩევანს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანმა იმედი გამოთქვა, რომ ის ურთიერთობები, რაც უნგრეთ-საქართველოს შორის აქამდე იყო, ახალი ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელდება.
„სუბიექტურად, რომ ვთქვათ გულდასაწყვეტია, რადგან ვიქტორ ორბანი და მისი გუნდი, როგორი მეგობრები იყვნენ საქართველოსი და როგორ გვიჭერდნენ მხარს, კარგად მოგვეხსენება, თუმცა ვიმედოვნოთ, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდება ახალი გუნდის პირობებში. თან, ძალიან სასიამოვნო იყო ის გზავნილები, რაც გაკეთდა პირველივე პრესკონფერენციაზე - საქართველოსთან მიმართებით ახალი ხელმძღვანელის პოზიცია არის ის, რომ ეს ურთიერთობები რაც ბატონი ორბანის პირობებში იყო, აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი ხელისუფლების პირობებშიცო. დაველოდოთ, ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება იგივე ნიშნულზე“, - აღნიშნა მან.
კითხვაზე - ხელისუფლების ოპონენტები იმედოვნებენ, რომ უნგრული წყალი გადმოესხმებათ. რას ელოდებით მათგან, რომლებიც ცდილობენ ხელისუფლების ალტერნატივად წარმოჩნდნენ გაერთიანებულ ფორმატში - მაჭავარიანმა ასე უპასუხა:
„ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თავიდან ბოლომდე გამარგინალებულები არიან. იმიტომ არაფერი ეშველებათ, რომ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გაშიფრა ის, რომ რადიკალური ოპოზიცია, იგივე კოლექტიური ნაცმოძრაობა ერთი ვერტიკალიდან იმართება. ანუ მათ ჰყავთ გარე პატრონები და საარჩევნო პროცესში მათთან ატარებენ დროს ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობას შეხვდნენ, არასაარჩევნო პერიოდში მით უმეტეს. იხვეწებიან საქართველოს დასანქცირებას. დღეს ბატონი შარაშიძე თავის გაბრაზების დიდოსტატად რომ მოგვევლინა პარლამენტში, მისი პარტია არ იყო, 2024 წლის ნოემბერში „ნაცმოძრაობამ“, „ახალმა“ „ლელომ“ და გახარიას პარტიამ გააგზავნეს ბრიუსელში წერილი, სადაც იხვეწებოდნენ საქართველოს დასანქცირებას. იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, მათ ურჩევნიათ ქვეყანა დაიბომბოს, დასანქცირდეს, ეკონომიკა განულდეს. აბსოლუტურად უშანსოები არიან, რადგან იმართებიან გარედან და ქართველებს არ სურთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც მართული იქნება გარედან.
მშვიდობა და სტაბილურობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია და ასე მარტივად ამაზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ საქართველოში დღეს არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ყველა აცნობიერებს, რომ „ქართული ოცნება“ ასჯერ ზომავს თითოეულ ნაბიჯს, ასჯერ ზომავს რა განცხადება გააკეთოს, იმისთვის, რომ საქართველოში ოდნავადაც არ გაიზარდოს უსაფრთხოების რისკები, ყველაფერს ვაზღვევთ და შესაბამისად, ვინ უნდა ჩაგვანაცვლოს, გამორიცხულია. დარწმუნებული ვარ, მომავალში გამოჩნდებიან ისეთი ახალგაზრდები, ვისთვისაც სუვერენიტეტი იქნება ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენთვის, ვინც გარედან არ იქნება მართული, იქნებიან პატრიოტები და დიდი სიამოვნებით გადავულოცავთ ხელისუფლებას და გადავალთ ოპოზიციაში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge