
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი განვითარებული და კონკურენტუნარიანი, რომელიც შეძლებს მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებთან ევროპულ სტრუქტურებში თანაარსებობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში" საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, ყველას აქვს მსჯელობის უფლება, თუმცა, ქვეყნის სტრატეგიული მიმართულება უკვე განსაზღვრულია და კონსტიტუციით არის გამყარებული.
"საქართველოს კურსი არის განსაზღვრული ჩვენი კონსტიტუციით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი და ამ მოცემულობაში, უბრალოდ გამორიცხულია ამ თემაზე სერიოზული საუბარი და განხილვა", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა საზოგადოების განწყობებსა და ქვეყნის განვითარების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.
"საქართველოს მოქალაქეთა უდიდეს ნაწილს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია - საკმაოდ დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი. მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი განვითარებული და კონკურენტუნარიანი, რომელიც შეძლებს ევროპულ, განვითარებულ სახელმწიფოებთან ევროპულ სტრუქტურებში თანაარსებობას. ეს არის მთელი ჩვენი მუშაობისა და შრომის მიზანი," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და რეფორმები გრძელვადიან პროცესს წარმოადგენს და საბოლოოდ აისახება ქვეყნის განვითარებაზე ყველა მიმართულებით.
"ამას ჭირდება ძალიან სტაბილური განვითარება და სწორედ იმ ნაბიჯების გადადგმა, რასაც დღეს დგამს საქართველოს ხელისუფლება. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპი - ეს არ არის მხოლოდ ციფრები. ეს ყველაფერი შემდგომ უკვე აისახება ქვეყნის განვითარებაში სხვადასხვა მიმართულებებით. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ქმნის ისეთი ტიპის სახელმწიფოს, რომელიც შეძლებს მაღალგანვითარებული ქვეყნების გვერდით თანაარსებობას ევროკავშირში, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას უნდა და ასე არის გაწერილი საქართველოს კონსტიტუციითაც. ეს, რა თქმა უნდა, არის პროცესი და ამ პროცესში ძალიან ბევრია სამუშაო." - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა
იმედი
წყარო: imedinews.ge