
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა და ამ ეტაპისთვის უკვე 13 კომპანია სარგებლობს აღნიშნული სტატუსით. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდამჭერი მექანიზმი საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს და სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში მოქმედებს 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.
აღნიშნული ინიციატივის მთავარი მიზანია, შეამსუბუქოს ფინანსური ტვირთი ადრეული ეტაპის სტარტაპებისათვის, იმ პერიოდში, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მფლობელები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპები შპს „არგონავტის კვლევითი ტექნოლოგიები“ და შპს „ფორმა ტექნოლოჯის ჯორჯია“ გახდნენ.
შპს „არგონავტის კვლევითი ტექნოლოგიები“ - სტარტაპი, პროფესიული მკვლევრებისა და კვლევითი ორგანიზაციებისთვის, ქმნის კვლევით ტექნოლოგიას - “არგონავტი”, რომელიც ერთ სისტემაში აერთიანებს კვლევის მთელ ციკლს: კვლევითი ინსტრუმენტების შექმნას, საველე სამუშაოების ორგანიზებას, მონაცემთა ხარისხის კონტროლს, მონაცემების გაწმენდას, ანალიზსა და ვიზუალიზაციას. შპს „ფორმა ტექნოლოჯის ჯორჯია“ - სტარტაპი ქმნის კორპორატიული კეთილდღეობის (corporate wellness) ახალ მოდელს, ჩაშენებულს უშუალოდ სამუშაო პროცესში. სამუშაო და საოფისე გარემოზე მორგებული სასიარულო ბილიკები (Walking Pads) სინქრონიზირებულია მობილურ აპლიკაციასთან და ანალიტიკურ პლატფორმასთან.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსს მოიპოვებენ ის სტარტაპები, რომლებიც ქმნიან ახალ ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პროდუქტს, პროცესს ან მომსახურებას.
ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge