
მაკა ბოჭორიშვილი: რთულია, განსაკუთრებული მოლოდინი გქონდეს ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრასთან დაკავშირებით. მსგავსი ტიპის შეხვედრები, ძირითადად, გამოიყენება კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარების გასაკეთებლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
„რთულია, განსაკუთრებული მოლოდინი გქონდეს ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები, ძირითადად, გამოიყენება კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარების გასაკეთებლად და საქართველოს გასაკრიტიკებლად, ან წუხილის გამოსახატად, რომ საქართველო არასწორი გზით ვითარდება.
თუმცა, ამანაც ერთგვარად დაკარგა ფასი. ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვიცით, რისთვის იყენებენ კონკრეტული პოლიტიკოსები მიკროფონს, როდესაც ისინი შედიან ხოლმე ევროკავშირის საბჭოს შეხვედრებზე, - განაცხადა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ევროკავშირთან დიალოგის ჩარჩოს აღდგენა და საქართველოსთან ურთიერთობებში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
„თავად საბჭოს ფარგლებში, რთულია, წინასწარ ვთქვათ რაზე იქნება მსჯელობა, რა პოზიციებს დააფიქსირებენ წევრი ქვეყნები. თუმცა, ერთი რამ ცხადია, ნაკლებია სურვილი, რომ ისევ იმ რეჟიმში დარჩეს საქართველოსთან ურთიერთობები და სულ უფრო მეტი კოლეგისგან მესმის მე მოსაზრება, რომ აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ დიალოგის ჩარჩოს და საქართველოსთან ურთიერთობებში ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას, უნდა მოიძებნოს გზა იმისათვის, რომ დაბრუნდეს დიალოგი.
ჩვენი მხრიდან აქ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელმაც ოდესმე უარი თქვა ევროკავშირთან დიალოგზე," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge