ირაკლი მეზურნიშვილი: საქართველოში შეიქმნება სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, ხელი შეუწყოს ემისიებით ვაჭრობის სისტემის შექმნას

ირაკლი მეზურნიშვილი: საქართველოში შეიქმნება სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, ხელი შეუწყოს ემისიებით ვაჭრობის სისტემის შექმნას

იმედი|imedinews.ge

„მინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ საქართველოს პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი. კანონის პროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად, სათბურის აირების ემისიების შემცირებისათვის საჭირო ზომების გასატარებლად და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში შეიქმნება სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, შეაფასოს საქართველოში სათბურის აირების გაფრქვევის კუთხით არსებული მდგომარეობა, ხელი შეუწყოს ემისიებით ვაჭრობის სისტემის შექმნას და გაატაროს ემისიების შემცირებისთვის საჭირო ღონისძიებები.

„ამასთან, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი აქტიურად აგრძელებს მუშაობას კლიმატის კანონის პროექტზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინსტიტუციური მართვის საკითხების დეტალური დამუშავება, იმგვარად, რომ კანონის მიღების შემდეგ უზრუნველყოფილი იყოს მისი ეფექტიანი აღსრულება“, - აღნიშნა მეზურნიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია