
გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ენეს ბუჰიჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
გივი მიქანაძემ ენეს ბუჰიჩს ახალგაზრდობის სააგენტოს საქმიანობა და ის ინიციატივები გააცნო, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის ხორციელდება.
ყურადღება გამახვილდა სერბეთის ახალგაზრდობის პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდება, რაც პარტნიორობას კიდევ უფრო ეფექტიანსა და შედეგებზე ორიენტირებულს გახდის. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრები, სხვადასხვა აქტუალური საკითხის განხილვის მიზნით, შეხვედრებს რეგულარულად გამართავენ.
საუბარი შეეხო ქართველი და სერბი ახალგაზრდებისთვის გაცვლითი პროგრამების შემუშავებას საერთაშორისო საზაფხულო ბანაკის ფორმატში.
მხარეებმა შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების სრული მზაობა გამოთქვეს.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge