
გიორგი კახიანი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ
ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება გარკვეულწილად თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ და ბუნებრივია, შეეცდებიან გარკვეული, მათ შორის ასეთი ტრენინგების შედეგად მიღებული მოქმედებების განხორციელებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
მისი თქმით, ბუნებრივია, რომ რევოლუციის ნებისმიერ მცდელობას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
„5 რევოლუციის მცდელობა, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში მოხდა, ეს იყო აკერმანის სახელმძღვანელოს მიერ ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებული მცდელობები, რომ საქართველოში რევოლუციები მომხდარიყო. ასეთი მცდელობები გვახსოვს, თუმცა ისიც კარგად გვახსოვს, რომ ყოველი ასეთი მცდელობა იყო უსუსური მცდელობა. არც ერთ მათგანს შედეგი არ მოჰყოლია. მაგრამ ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება გარკვეულწილად თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ და ბუნებრივია, შეეცდებიან გარკვეული, მათ შორის ასეთი ტრენინგების შედეგად მიღებული მოქმედებების განხორციელებას.
როდესაც გავრცელდა ბლაჟევიჩის ტრენინგებთან დაკავშირებით ინფორმაცია, საგულისხმოა ეს ფაქტი, ყურადსაღებია. კონკრეტულად ამ ტრენინგის შინაარსი არ ვიცით, მაგრამ ისიც გვახსოვს, როდესაც სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია და ვიდეო-მასალა, როდესაც ტრენინგზე საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ მოეწყოს არეულობა, გარკვეული რევოლუციური გზები, რომ ხელისუფლების შეცვლა მოხდეს და ა.შ. მეორე მხრივ ამბობდნენ იმას, რომ თითქოს ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ტრენინგებს ეხებოდა. ამიტომ ამ შემთხვევაშიც, როდესაც თვითონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობს იმაზე, რომ მას ეს ინფორმაცია აქვს და ამ თემასთან დაკავშირებით უკვე შესაბამისი სამართლებრივი მოქმედებები აქვს განხორციელებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ ტრენინგებსაც სწორედ იმგვარი ხასიათი შეიძლება ჰქონდეს, რომელიც აქამდე მოგვისმენია“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ძველი მეთოდები ახალი ტრენერის შესრულებით - „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
„ქრონიკის“ ინფორმაციითვე, საქართველოში დაგეგმილ და მზადების პროცესში მყოფ არეულობაზე ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის უცხოელი კოლეგების მხრიდან და ამ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებასაც აწარმოებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge