
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს
ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ რეგიონული განვითარების სამინისტროს ანგარიში მოისმინეს.
ანგარიში სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ზურაბ იაშვილმა წარადგინა.
რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ასოცირების შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგისა და ევროკავშირის კანონმდებლობის მიმართულებით საქართველოს ვალდებულებებზე და მისი შესრულების მდგომარეობაზე ისაუბრა.
მომხსენებელმა ანგარიშის წარდგენისას ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამის საკითხზე ისაუბრა.
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პოლიტიკასა და შესაბამის სტრატეგიაზე საუბრისას მომხსენებელმა აღინიშნა, რომ საქართველომ ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, როგორიცაა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის დამტკიცება და სამინისტროს რეორგანიზაცია მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.
ზურაბ იაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ტერიტორიული ერთეულების სტატისტიკის ნომენკლატურის (ე.წ. NUTS) მეთოდოლოგიის საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებით. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის ერთ-ერთი პლატფორმის, ე.წ „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ (Smart Specialisation - S3) მეთოდოლოგიის საქართველოში დანერგვაზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პლატფორმას წარმოადგენს.
სხდომაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონული პოლიტიკის მნიშვნელობაზე, როგორც რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის შემცირების ერთ-ერთ ძირითად მექანიზმზე. ხაზი გაესვა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების, დეცენტრალიზაციის პროცესის გაღრმავებისა და მუნიციპალიტეტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის ზრდის მნიშვნელობას.
იმედი
წყარო: imedinews.ge