
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები აქტიურ ფაზაშია - რიგით მესამე კონფერენცია სასტუმრო „პარაგრაფში“. ფოტოგალერეა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
სასტუმრო „პარაგრაფში“ რიგით მესამე კონფერენცია გურიის რეგიონის ახალგაზრდებთან გაიმართა. შეხვედრას ცოტნე ივანიშვილი დაესწრო, რომელმაც ახალგაზრდებს საკუთარი ხედვები გაუზიარა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გამგეობის წევრებმა გურიის ახალგაზრდებთან შეხვედრისას სტუდენტებთან ერთად მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე იმსჯელეს.
კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები, რომლებზეც შესაბამისი პასუხები მიიღეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, განათლებაზე, დასაქმებაზე და რეგიონში არსებულ გამოწვევებსა თუ საჭიროებებზე.
„ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო. მგონია, რომ პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალი არის დისკუსია. თუ ორი ადამიანი ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, ჩემი აზრით, საუბარს, დისკუსიას, დებატს, უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია. არასწორია, ადამიანი განსაჯო მისი თეზისიდან გამომდინარე და არა მისი არგუმენტიდან გამომდინარე. ეს შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ მეტი საუბარი არსებობდეს ახალგაზრდებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, მოვახერხებთ იმას, რომ მეტი საუბარი დაინერგოს და ეს პოლარიზაცია ჩანაცვლდეს დებატით, რომელიც მიმაჩნია უალტერნატივოდ. ძალიან მიხარია დღესაც აქ ყოფნა, მიხარია, რომ მოგვეცა იდეების გაცვლის შანსი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეტი მსგავსი ტიპის შეხვედრა ჩატარდება, ეს იქნება "ქართული ოცნების" თუ ნებისმიერი სხვა ახალგაზრდების მხრიდან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გახშირდება ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ მგონია, დებატი, დისკუსია, ნამდვილად კარგი გამოსავალია პოლარიზაციის, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი“- ცოტნე ივანიშვილი.
„შეხვედრის მიზანია მეტი კომუნიკაცია იყოს ახალგაზრდებთან, რადგან მათი როლი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და წინსვლაში”- ვარლამ ლიპარტელიანი.
„გურიაში დიდი ყურადღება ექცევა ახალგაზრდული, სპორტული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ იგივე სულისკვეთების გაგრძელება იქნება, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მოსმენილი იდეები სამუშაო რეჟიმში გადავა“- მარიამ გრიგოლიშვილი.
„იზრდება ინტერესი ჩვენი კონფერენციების მიმართ, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს მიმართ ახალგაზრდებში იზრდება ნდობა და თანამშრომლობის სურვილი“- თეკლა თიკანაშვილი.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები რეგიონებში 28 მარტს დაიწყო. გურიის გარდა, შეხვედრები გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში.
ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები 2-3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რაც საქართველოს 10 რეგიონს მოიცავს. ორგანიზაციის წარმომადგენლები სტუდენტებს თითოეული მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქალაქებში შეხვდებიან.
ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge