
მიხეილ სარჯველაძე: უპირველესად და უპირატესად სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ საკუთარი მოქალაქის შრომითი უფლების რეალიზების მეტი ასპარეზი და მეტი შესაძლებლობა ჩნდებოდეს
უპირველესად და უპირატესად სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ საკუთარი მოქალაქის შრომითი უფლების რეალიზების მეტი ასპარეზი და მეტი შესაძლებლობა ჩნდებოდეს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორ რეგულირდება შრომითი მიგრაცია და რა გამოწვევებს ქმნის სხვა ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება საქართველოში.
სარჯველაძის თქმით, კონსტიტუციაშიც წერია, რომ სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეს.
„მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე საჯარო დებატები გაიმართება და დისკუსია იქნება. მნიშვნელოვანია ეს იმიტომ, რომ თქვენ კი ბრძანეთ დასაწყისში - ეს ახალი საკითხია, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ ფესვგადგმულია და საკმაოდ ხანგრძლივი ვადის განმავლობაში ეს საკითხი ჩვენს საზოგადოებას აწუხებს. აწუხებს იმდენად, რამდენადაც თუნდაც ეკონომიკური აქტივობის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, იმ ქვეყნების მოსახლეთაგან, სადაც იგივე ეკონომიკური აქტივობა მსგავსი არ არის ჯერ, ბუნებრივია რომ მაღალია. იმ ხალხისთვის ეს არის, რა თქმა უნდა, უკეთესი დასაქმების, უკეთესი პერსპექტივის ადგილი და აქედან გამომდინარე, ეს ინტერესი იზრდება.
ბუნებრივია, ამის თანმდევი, ყველა ამასთან დაკავშირებული რისკიც, უკმაყოფილებაც, უხერხულობაც ამას მოსდევს. ამიტომ ვფიქრობ, სავსებით დროული იყო ინიციატივა, რომელიც ჰქონდა სახელმწიფოს. რომელიც გულისხმობდა იმას, რომ ხელში ავიღეთ ამ საკითხის რეგულირება, ავიღეთ პასუხისმგებლობა და შესაბამისად, გადაიდგა ნაბიჯები. მკვეთრი, გაბედული ნაბიჯები იმის დასარეგულირებლად, რასაც ჰქვია მიგრაცია, რა შემთხვევაშიც, რასაც შესაძლოა ამ შემთხვევაში პოტენციურად ეწირებოდეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესები დიდწილად. მრავალპლასტიანია თან ეს საკითხი და შესაძლოა თითოეულ თემას სათითაოდ ცალკე დებატი მიეძღვნას და ა.შ. ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა ეს საკითხი გავშალოთ მაქსიმალურად.
ეს არის, რა თქმა უნდა, დაკავშირებული, პირველ რიგში შრომითი უფლების რეალიზებასთან. შრომითი უფლება ისეთი რამეა, უპირველესად და უპირატესად სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ საკუთარი მოქალაქის შრომითი უფლების რეალიზების მეტი ასპარეზი და მეტი შესაძლებლობა ჩნდებოდეს. ეს აბსოლუტურად ლეგიტიმურია, აბსოლუტურად კონსტიტუციურია და უდავოა, როდესაც კონსტიტუციაშიც წერია, რომ სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეს, ეს ნიშნავს მათ შორის იმას, რომ კი, გარკვეულ ეტაპზე, გარკვეულ შემთხვევაში უნდა მიანიჭო უპირატესობა საკუთარ მოქალაქეს. ამიტომ, ჩვენი პრინციპული, ფუნდამენტური მიდგომა რაც არის, ეს არის, რომ შევეცადოთ ახალი კანონმდებლობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ჰქონდეს უპირატესობა დასაქმებისა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი პროფილის, კვალიფიკაციის საჭიროება არსებობს ისეთი, რომელსაც შესაძლოა ვერ პასუხობდეს საქართველოს შრომითი რესურსი, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიფიქროთ მიგრანტზე, რომელიც ჩამოვა“, - აღნიშნა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge