
გორდულაძე შრომით მიგრაციაზე: მთელ რიგ ქვეყნებში მიგრანტების შედინებამ გამოიწვია დანაშაულის ზრდა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხელისუფლების ყურადღებას საჭიროებს, არის დასაქმება და მესამე ნაწილი არის ეკონომიკა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ამ მიმართულებით სამი მთავარი კატეგორია დაასახელა.
ამასთან, გორდულაძის განცხადებით, არ შეიძლება, ცალკეულ კონტექსტში იყოს განხილული საკანონმდებლო ცვლილებები და მიდგომები, რომლებიც განხორციელდა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში.
„ეს კომპლექსური საკითხია, რომელიც ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკიდან გამომდინარეობს და შეგვიძლია, პირობითად სამ კატეგორიად დავყოთ. ერთი არის უსაფრთხოების საკითხი და გამოწვევა. მთელ რიგ ქვეყნებში, მაგალითად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიგრანტების შედინებამ გამოიწვია დანაშაულის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტრეფიკის და ასე შემდეგ ზრდა.
ეს თემა დაკავშირებულია ასევე საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ყურადღებას საჭიროებს ხელისუფლების მხრიდანაც, არის დასაქმება - ადგილები, სადაც შესაძლებელია, რომ საქართველოს მოქალაქეები დასაქმდნენ.
და მესამე ნაწილი არის ეკონომიკა - თუ ჩვენ არ შევძელით, რომ ეკონომიკას, ბიზნესს მივაწოდოთ შესაბამისი საკადრო რესურსი, ვერ გვექნება პრეტენზია ვერანაირ ეკონომიკურ ზრდაზე, ხოლო თუ ვერ გვექნება ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად, ვერ გვექნება გაუმჯობესებული სოციალური გარემო.
სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბალანსი უნდა იყოს დაცული, იმისათვის, რომ ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის თავისი საქმის პროფესიონალი, თავისუფლად შეეძლოს დასაქმდეს კონკრეტულ სამუშაო ადგილზე, ხოლო მეორე მხრივ ბიზნესს არ შეექმნას ზედმეტი წნეხი და არ იყოს ისეთი ბიუროკრატიული მოცემულობა და პროცესები ისე გაწელილი, რომ არ ჰქონდეს შესაძლებლობა, კვალიფიციური მუშახელი დაიქირაოს.
სამწუხაროდ, შეგვიძლია, ვაღიაროთ, რომ კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა გვაქვს მთელი რიგი მიმართულებებით. ეს თავის მხრივ დაკავშირებულია განათლების საკითხებთანაც”, - განაცხადა გორდულაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge