
გივი მიქანაძემ ხაშურის N2 საჯარო სკოლა გახსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრი განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 450 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში განახლდა ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, ექიმის კაბინეტი, კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტ დარბაზი. მთლიანად შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები. შენობა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო გარე სპორტული მოედანი.
მინისტრთან ერთად, სკოლა დაათვალიერეს სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანმა, პარლამენტის წევრმა ზაალ დუგლაძემ, ხაშურის მერმა პაატა ჩადუნელმა და ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა.
საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა და პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონ 821 ათას ლარზე მეტს შეადგენს.
იმედი
წყარო: imedinews.ge