
ნინო ლაცაბიძე: სპორტის ხელშეწყობა და განვითარება ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
რუსთავის სპორტის სასახლეში, ფრენბურთში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ტურის მატჩები დაიწყო.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, საქართველო-ავსტრიის ეროვნული ნაკრებების მატჩის დაწყებამდე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა, ირაკლი შატაკიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა რეხვიაშვილმა, ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
„ფრენბურთში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს რუსთაველები, ჩვენს სპორტის სასახლეში, უკვე მეორედ ვმასპინძლობთ. სპორტის ხელშეწყობა და განვითარება, ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. წელს რუსთავში, უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას დავიწყებთ. გვინდა, რომ ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი, სწორედ სპორტი ოყოს. ამ ამბიციის საფუძველს რუსთაველი სპორტსმენები გვაძლევენ და ძალიან მალე, ამისთვის საჭირო სპორტული ინფრასტრუქტურაც გვექნება. დიდი მადლობა ფრენბურთის ფედერაციას, რომ არჩევანი რუსთავზე გააკეთა და კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის სპორტის სასახლეში მატჩს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, ლაშა ბექაურიც დაესწრო.
საქართველოსა და ავსტრიის გუნდების შეხვედრა ანგარიშით 1:3 დასრულდა.
U18 გოგონათა ეროვნული ნაკრები, გერმანიის და საფრანგეთის ნაკრებებს, 28 და 29 მარტს დაუპირისპირდება. ყველა მატჩი რუსთავის სპორტის სასახლეში შედგება და დასწრება თავისუფალია.
იმედი
წყარო: imedinews.ge