
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
ინჯალოში წყლის ახალი 5000 კუბური მეტრი სამარაგე რეზერვუარის მშენებლობა ხორციელდება. უკვე არსებულ ორ რეზერვუარს, დაემატება იმავე ტევადობის მესამე რეზერვუარი, რაც ქალაქის წყალმომარაგების პროცესს გააუმჯობესებს. რეზერვუარი ივსება, როგორც მეჯინისწყლის ჭაბურღილებიდან, ასევე, მდინარე ჩაქვისწყლის სათავე ნაგებობიდან.
პარალელურად მიმდინარეობს კიდევ ერთი სატუმბი სადგურის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ქალაქის ნახევარს ფარავს და უზრუნველყოფს წყალარინების მასის შეგროვებას გიორგი ბრწყინვალის ქუჩიდან ზღვის მიმართულებით.
ბათუმის მერმა, ასევე, ახალსოფელი-ავგიის მიმართულებით წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი ითვალისწინებს რეზერვუარის, გამანაწილებელი ქსელის, საწნევო მილისა და სატუმბი სადგურის მშენებლობას. აღნიშნულ დასახლებაში ამ დრომდე წყალმომარაგების ცენტრალიზებული ქსელი არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შედეგად, 500-მდე ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
გარდა ამისა, დაგეგმილია ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება და სიმძლავრის გაზრდა, რომელიც უზრუნველყოფს ბათუმის ცენტრალური ნაწილისა და შემოერთებული ტერიტორიების წყალარინების მასის მექანიკურ და ბიოლოგიურ წმენდას.
აღნიშნული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბათუმში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ფუნქციონირებას და ამ მიმართულებით უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის უწყვეტ და ხარისხიან მომსახურებას.
ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge