
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში კიდევ ერთი კულტურული კერა გაჩნდება, რომელიც ჩვენი ახალგაზრდებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის
რუსთავში, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული კულტურის სახლის ისტორიული შენობის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა.
რუსთაველი ახალგაზრდების ჩართულობით შემუშავებული თანამედროვე კონცეფციის თანახმად, განახლებულ შენობაში „არტ-პავილიონი” დაიწყებს ფუნქციონირებას. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.
„ჩვენს ქალაქში, 1948 წელს კლასიციზმის არქიტექტურული სტილით ნაშენებ შენობას, რესტავრაცია-რეაბილიტაციისას ავთენტური იერსახე შევუნარჩუნეთ. კულტურის სახლის განახლებასთან ერთად, ჩვენ ახალ კონცეფციაზე ვიმუშავეთ. პროექტის დასრულების შემდეგ, რუსთავში კიდევ ერთი კულტურული კერა გაჩნდება, რომელიც ჩვენი ახალგაზრდებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, რუსთავისთვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის მიხედვით, თანამედროვე საკონცერტო დარბაზი აშენდა, შიდა სივრცის რეაბილიტაცია და შენობის ფასადის რესტავრაცია განხორციელდა, ეწყობა გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის, გახმოვანება-განათების სისტემები და შენობა უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სასცენო აპარატურით. გარე პერიმეტრი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა მწვანე სივრცეები და დასასვენებელი ზონა.
„რუსთავის ძველი კულტურის სახლის ადგილზე „არტ-პავილიონი” - ახალი მულტიფუნქციური საკონცერტო დარბაზი, ფუნქციონირებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ შენობას ახალი სიცოცხლე შევძინოთ და აქ იქმნება სივრცეები ქორეოგრაფიით, მუსიკით, თეატრით დაინტერესებული ბავშვებისთვის, მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის. ვფიქრობ, რომ ყველა რუსთაველი მუსიკოსისა და შემოქმედის დიდი ხნის ოცნებაც ახდება, რადგან რამდენიმე სარეპეტიციო სივრცე და უნივერსალური ხმის ჩამწერი სტუდიაც იქნება, რაც თავისთავად ახალ მუსიკალურ ჯგუფებს, გაერთიანებებსა და კოლაბორაციებს შობს”, - განაცხადა „არტ-პავილიონის” მთავარმა რეჟისორმა ლაშა ნოზაძემ.
ინფრასტრუქტურული განახლების პარალელურად, მთლიანად იცვლება ძველი კულტურის სახლის კონცეპტუალური დატვირთვაც. უფუნქციოდ დარჩენილი ამორტიზებული შენობის ადგილზე, თანამედროვე „არტ-პავილიონი’ გაიხსნება, სადაც კლასიკურის პარალელურად, ხელოვნების თანამედროვე მიმდინარეობებიც იქნება წარმოდგენილი.
იმედი
წყარო: imedinews.ge