რუსთავის საკრებულოს ინიციატივით ისტორიულ მუზეუმში უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის უპრეცედენტო სტანდარტი მკვიდრდება

რუსთავის საკრებულოს ინიციატივით ისტორიულ მუზეუმში უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის უპრეცედენტო სტანდარტი მკვიდრდება

იმედი|imedinews.ge

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით, რუსთავის ისტორიულ მუზეუმში უპრეცედენტო პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მედია პოზიტივი“ ახორციელებს. ინფორმაციას რუსთავის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

პროექტის დასრულების შემდეგ რუსთავის ისტორიული მუზეუმი გახდება საქართველოში პირველი მუზეუმი, რომელიც სრულად იქნება ადაპტირებული და გახმოვანებული აუდიოდისკრიფციის სტანდარტით, რაც არა მხოლოდ ინკლუზიური ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ უამრავ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას აუდიო აღწერით გაეცნონ მუზეუმის ექსპონატებს.

აუდიოდისკრიფცია ქმნის სივრცის წარმოდგენას, რომელიც ეხმარება უსინათლო და მცირემხედველ ადამიანებს აღიქვან სივრცე, ობიექტები, არტეფაქტები და დეტალები. აღწერს ფორმას, ფერს, ზომას, განლაგებას და გადასცემს ვიზუალური ატმოსფეროს სრულ სურათს. სამუშაოების მიმდინარეობის ეტაპები საკრებულოს დეპუტატებმა, რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა და ორგანიზაციის წევრებმა სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილეს.

პროფესიული აუდიოდისკრიფცია ქართულ და ინგლისურ ენებზე შეიქმნება, აუდიომასალები ხელმისაწვდომი იქნება QR კოდების მეშვეობით, რაც ვიზიტორებს შესაძლებლობას მისცემს მარტივად მიიღონ დეტალური ინფორმაცია ექსპონატების შესახებ.

სამუშაო შეხვედრა რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მარინა ლიპარტელიანი, მიხეილ მუზაშვილი, გიორგი კოკაია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლელა ლუარსაბიშვილი, კომისიის წევრი სოფიო მაჭარაშვილი და რუსთავის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელი ნაზი პაჭიკაშვილი ესწრებოდნენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია