ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

იმედი|imedinews.ge

დღეს მცხეთაში, დავიწყეთ ცენტრალური გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამასთან, ქალაქის ურბანული გარემოს გაუმჯობესებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს ე.წ. თეატრონის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობას, რომელიც ამ ეტაპზე იუნესკოსთან კონსულტაციებით პროექტირების ფაზაშია. ეს სივრცე მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ მცხეთისთვის, არამედ თბილისის აგლომერაციისა და მთელი ქვეყნისთვის. დღესვე ადგილზე გავეცანით პროექტის მიმდინარეობას, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მცხეთაში სამუშაო მონიტორინგის ფარგლებში პროექტების დათვალიერებისას.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის მიმართულებით დაახლოებით 7 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის სამშენებლო სამობილიზაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

სარეაბილიტაციო გზის საფარი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, რაც გადაადგილებას ართულებს და ქმნის უსაფრთხოების რისკებს. პროექტი ითვალისწინებს გზის სრულმასშტაბიან განახლებას და მის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით 7 კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის კომპლექსური მოწესრიგება. დაიგება ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ქვედა საყრდენი კედლები, ტროტუარები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და გზასთან მიერთებები. ასევე სრულად მოწესრიგდება წყალარინების სისტემა, განთავსდება საგზაო ნიშნები და შესრულდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მცხეთის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიის ფუნქციონირებას, გაზრდის გზის გამტარუნარიანობას, შეამცირებს მგზავრობის დროს და უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

,,გზების მშენებლობა ქმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას. არსებული გზების რეაბილიტაცია ჩვენი ვალდებულებაა - ყველა გზა უნდა იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და გამართული. სამინისტრო წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვან სამუშაოებს განახორციელებს”-განაცხადა სოხაძემ.

ამასთან, უკვე დასრულდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული კომპონენტი - ქალაქ მცხეთის შესასვლელში, მდინარე მტკვარზე ახალი თაღოვანი ხიდის მშენებლობა. ახალი ხიდი აშენდა იმ მონაკვეთზე, სადაც 1926 წელს აგებული ხიდი ფუნქციონირებდა და ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე დატვირთვებსა და მოთხოვნებს.

ახალი ხიდი უზრუნველყოფს უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას, აკავშირებს მცხეთას რკინიგზის სადგურთან და ცენტრალურ საავტომობილო გზებთან, ხოლო მისი არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის ქალაქის ისტორიულ გარემოს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 6.6 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაათვალიერა ის უბნები და ქუჩებიც, სადაც დაგეგმილია შენობების რეაბილიტაცია. მისივე განცხადებით, მცხეთის ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, სხვა დანარჩენ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად, აუცილებელია ძველი უბნების ურბანული მოწესრიგება.

მცხეთაში ინფრასტრუქტურის განვითარება მოიცავს ურბანული გარემოს გაუმჯობესებასაც - ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს თეატრონის მიმდებარედ, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას. პროექტი ითვალისწინებს რეკრეაციული, სპორტული და საბავშვო სივრცეების, ასევე საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ვინაიდან ტერიტორია მოქცეულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ბუფერულ ზონაში, პროექტი განხორციელდება შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით და საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია