ჩინეთში შვიდმა ძაღლმა გატაცების შემდეგ 17 კილომეტრი გაიარა და სახლში დაბრუნდა🐕

ჩინეთში შვიდმა ძაღლმა გატაცების შემდეგ 17 კილომეტრი გაიარა და სახლში დაბრუნდა🐕

იმედი|imedinews.ge

ჩინეთში შვიდი შინაური ძაღლი სავარაუდო გატაცების შემდეგ საკუთარ სოფელში დამოუკიდებლად დაბრუნდა. მათ დაახლოებით 17 კილომეტრი გაიარეს და პატრონებისკენ მიმავალი გზა იპოვეს.

South China Morning Post-ი წერს, რომ 16 მარტს, ქალაქ ჩანჩუნის მცხოვრებმა გზატკეცილზე ძაღლების ჯგუფი შენიშნა და ვიდეო გადაუღო. მათ შორის იყვნენ: გერმანული ნაგაზი, კორგი, ოქროსფერი რეტრივერები, ლაბრადორები, პეკინესი.

ცხოველები გზის გასწვრივ მჭიდრო ჯგუფად გადაადგილდებოდნენ. დაჭრილი ნაგაზი ცენტრში ჰყავდათ მოქცეული, ხოლო კორგი წინ მიდიოდა და დროდადრო უკან იხედებოდა.

თვითმხილველმა ძაღლების გზიდან გადაყვანა სცადა, თუმცა ისინი რეაგირებას არ ახდენდნენ. მისი თქმით, ხროვა შეთანხმებულად მოქმედებდა და არ იშლებოდა, რაც უპატრონო ცხოველებისთვის დამახასიათებელი არ არის.

მოხალისეებმა გაარკვიეს, რომ ყველა ძაღლი ერთ სოფელში ცხოვრობდა და ხშირად ერთად სეირნობდნენ. ერთ-ერთმა უფლებადამცველმა ივარაუდა, რომ ცხოველები შესაძლოა ძაღლის ხორცით მოვაჭრეებმა გაიტაცეს. მისი ვერსიით, ისინი გადაყვანისას სატვირთო ავტომობილიდან გაიქცნენ, თუმცა გაქცევის მომენტი დაფიქსირებული არ არის.

19 მარტს შვიდივე ძაღლი პატრონებს დაუბრუნდა. იმ ადგილიდან, სადაც ისინი პირველად შენიშნეს, სოფლამდე მანძილი დაახლოებით 17 კილომეტრია. მფლობელებმა დაადასტურეს, რომ მათი ერთგული მეგობრები სახლში არიან. კორგის პატრონმა აღნიშნა, რომ მის ძაღლს ადრეც კარგად შეეძლო ადგილმდებარეობის გარკვევა.

ვიდეომ, სადაც ხროვის გადაადგილებაა ასახული, 230 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. კომენტარებში მომხმარებლები მომხდარს განიხილავენ და ცხოველთა დაცვის კანონების გამკაცრებას ითხოვენ. ამჟამად ჩინეთში ძაღლის ხორცის მოხმარებაზე საყოველთაო აკრძალვა არ მოქმედებს. 2020 წელს მსგავსი შეზღუდვები მხოლოდ ქალაქ შენჟენისა და ჯუჰაის ხელისუფლებამ დააწესა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია