
არჩილ გორდულაძე: განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიაზე. ცდილობენ, რომ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს შორისაც შუღლი ჩამოვარდეს
ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფის წევრები პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. როგორც თავად ამბობენ მათი ინტერესია, მომზადდეს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ეკლესიას, ისტორიულ გმირებს და ეროვნულ ფასეულობებს კანონით დაიცავს და არ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „ქრონიკასთან“ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს წარედგინება.
„განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიაზე. ცდილობენ, რომ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს შორისაც ჩამოვარდეს შუღლი. ათწლეულებია გარედან, მიზანმიმართულად აფინანსებენ, წარმართავენ და აქებენ იმ პირებს, რომლებიც დაპირისპირებას აღვივებენ.
ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და კონსულტაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ვიწყებთ მუშაობას აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დასარეგულირებლად. მომზადდება შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გასაჯაროვდება შესაბამისი კონსულტაციების დასრულების შემდეგ და საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას საქართველოს პარლამენტს წარედგინება“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფის წევრები იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. კონსულტაციები თემაზე გაგრძელდება. საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ მათი ინტერესია მომზადდეს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ეკლესიას, ისტორიულ გმირებს და ეროვნულ ფასეულობებს კანონით დაიცავს და არ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას.
იმედი
წყარო: imedinews.ge