
არჩილ გორდულაძე: საშუალება რომ ჰქონდეთ, სამკლაურებსაც გაგვიკეთებდნენ და გაზის კამერებსაც ააშენებდნენ - „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდან ოპოზიციური ველის ოკუპაცია უნდა დასრულდეს
სამწუხაროდ გვაქვს განგრძობადი ოკუპაცია ქვეყნის ტერიტორიების. ამავდროულად, განგრძობადი ოკუპაცია გვაქვს პოლიტიკურ ველზე ოპოზიციის ნაწილში. ქართველი ხალხი იმსახურებს რომ დასრულდეს დროებითი ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილისა, ასევე იმსახურებს ოპოზიციური ველის ოკუპაციის დასრულებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი მიუკერძოებელმა სასამართლომ უნდა გააკეთოს.
კითხვაზე - თუ ეს ოთხივე პარტია აიკრძალა, რა არჩევანი რჩება თქვენდამი კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს? - გორდულაძემ ასე უპასუხა:
„1945 წლის შემდეგ, როდესაც ნაცისტური პარტია აიკრძალა, მათაც ჰყავდათ ამომრჩევლები და ვის სთავაზობდა ცივილიზებული სამყარო გერმანელ ხალხს? - ვინც ამ პოლიტიკურ ველზე გამოჩნდებოდა და იფიქრებდა, რა არის მნიშვნელოვანი გერმანიის წინსვლისთვის. ნაცისტური პარტია უნდა აკრძალულიყო არა იმიტომ, რომ ვიღაცები ამაზე შეთანხმდნენ, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო ე.წ. პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩადიოდა ომის დანაშაულს, ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს. გადმოვიტანოთ რას აკეთებენ ესენი: ფაშისტური არის თუ არა კონკრეტული ადამიანის, მისი პოლიტიკური შეხედულების გამო სტიგმატიზაცია? საშუალება რომ ჰქონდეთ სამკლაურებსაც გაგვიკეთებდნენ, გაზის კამერებსაც ააშენებდნენ და ყველას იქ გაგვიშვებდნენ. ამიტომაც ვამბობთ, პოლიტიკურ ველზე კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან ოპოზიციის ოკუპაცია უნდა დასრულდეს“.
იმედი
წყარო: imedinews.ge