
აშშ-ის ელჩმა ევროკავშირი სავაჭრო შეთანხმების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკა
აშშ-ის ელჩმა ევროკავშირში, ენდრიუ პაზდერმა ბლოკს მოუწოდა, შეარბილოს კანონმდებლობა, რომელიც კომპანიებს გლობალური მიწოდების ჯაჭვების ეკოლოგიურ და სოციალურ ზემოქმედებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს. დიპლომატის მტკიცებით, აღნიშნული ზომები ეწინააღმდეგება ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის დადებულ სავაჭრო შეთანხმებას.
სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში პაზდერმა აღნიშნა, რომ შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირმა აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ ევროპული კანონმდებლობა აშშ-თან ვაჭრობისთვის „ჭარბ შეზღუდვებს“ არ შექმნის.
მისი განმარტებით, საუბარია კორპორაციული მდგრადობის სათანადო ყურადღების დირექტივასა (CSDDD) და კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივაზე (CSRD).
ამერიკელი დიპლომატის გაფრთხილებით, ექსტრატერიტორიული დებულებები ზიანს აყენებს ამერიკულ საწარმოებსა და დასაქმებულებს, თუმცა შედეგებს მხოლოდ აშშ ვერ იგრძნობს. მისი თქმით, თუ ევროკავშირი კურსს არ შეცვლის, ეს დირექტივები ტვირთად დააწვება ნებისმიერი ზომის საწარმოს როგორც ბლოკის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, საბოლოო ანგარიშს კი ევროპელი მომხმარებლები გადაიხდიან.
ევროკავშირის კანონები, რომლებზეც პაზდერი მიუთითებს, ბლოკის ტერიტორიაზე მომუშავე მსხვილ კომპანიებს, მათ შორის ამერიკულ ფირმებს, ავალდებულებს, გაასაჯაროონ მონაცემები გარემოსა და სოციალურ სფეროზე ზემოქმედების, მათ შორის მიწოდების ჯაჭვებში შრომის პირობების შესახებ.
საუბარია ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ჩარჩო სავაჭრო შეთანხმებაზე, რომელიც 2025 წლის 27 ივლისს შოტლანდიაში გაფორმდა და აშშ-ში ევროპულ იმპორტზე ტარიფები 15%-ის დონეზე დააფიქსირა.
2026 წლის ივლისის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიაღწევს ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების მიმართ ევროკავშირის ჯარიმების გაუქმებას და ბრიუსელს ახალი ტარიფებით დაემუქრა. აღსანიშნავია, რომ ივლისში აშშ-მა 60 სავაჭრო პარტნიორს, მათ შორის ევროკავშირს, იძულებით შრომასთან არასათანადო ბრძოლის ბრალდებით ახალი ტარიფები დაუწესა.
იმედი
წყარო: imedinews.ge