
აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო
ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო, რაც დამასკოს განცხადებით, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ბოლო მთავარი დაბრკოლება იყო. ამ ნაბიჯით ვაშინგტონი სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობებს აღრმავებს.
სიიდან ამოღების გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ის ხაზინის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ძალაში შევიდა კონგრესის 45-დღიანი განხილვის პერიოდის ამოწურვის შემდეგ.
აღნიშნული პროცედურა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც ტრამპმა 8 ივლისს კონგრესს ოფიციალურად შეატყობინა აღნიშნული სტატუსის გაუქმების განზრახვის შესახებ.
„ეს ნაბიჯი გადაიდგა იმ პოზიტიური ქმედებებისა და შემდგომი ვალდებულებების აღიარების ნიშნად, რაც სირიის მთავრობამ პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას ხელმძღვანელობით იკისრა, რათა სირია სრულად ჩამოაშოროს საერთაშორისო ტერორისტულ საქმიანობას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
სირია აღნიშნულ სიაში 1979 წლიდან ირიცხებოდა, როდესაც ვაშინგტონმა ყოფილი პრეზიდენტის, ჰაფეზ ალ-ასადის მთავრობა შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
სტატუსი ძალაში რჩებოდა მისი ვაჟის, ბაშარ ალ-ასადის მმართველობის განმავლობაშიც.
ასევე გაუქმდა „ალ-ნუსრას ფრონტისთვის“ განსაკუთრებული კატეგორიის გლობალური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი. შედეგად, კუბა, ირანი და ჩრდილოეთ კორეა რჩებიან იმ ქვეყნებად, რომლებსაც ვაშინგტონი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებად მიიჩნევს.
იმედი
წყარო: imedinews.ge