
Axios: აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში საიდუმლო მარშრუტი შექმნა, რომლის მეშვეობითაც მილიონობით ბარელი ნავთობი გადააქვს
ამერიკელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის ფარული დერეფანი შექმნეს, რომლის მეშვეობითაც ყოველდღიურად მილიონობით ბარელი ნავთობი გადააქვთ. ინფორმაციას Axios-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
დერეფანი უკვე რამდენიმე კვირაა არსებობს. მისი წყალობით, ყოველ ღამე სრუტიდან ომანის სანაპიროს გასწვრივ არსებული მარშრუტით 15-20 ტანკერი შედის და გამოდის.
გამოცემის წყაროების ცნობით, დერეფნის მეშვეობით ყოველდღიურად დაახლოებით 10 მილიონი ბარელი ნავთობი გადააქვთ - აშშ-ისა და ირანის ომის დაწყებამდე არსებული მოცულობის დაახლოებით ნახევარი. მიუხედავად იმისა, რომ სრუტეში გამავალი ნავთობის მოცულობა ჯერ კიდევ ჩამოუვარდება ომამდელ დონეს, ამას გლობალურ მიწოდებაზე საგრძნობი გავლენა აქვს, - აცხადებენ წყაროები.
„ჩვენ ჰორმუზის სრუტის სამხრეთ ნაწილს უკვე ორი თვეა ვაკონტროლებთ. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა შეიძლება ხელი შეგვიშალოს, მაგრამ ისინი სრუტეს ვერ აკონტროლებენ“, - განაცხადა Axios-ის ერთ-ერთმა რესპონდენტმა.
გამოცემის ინფორმაციით, ოპერატიული ჯგუფი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ოპერაციას მეთვალყურეობს, ჩრდილოეთ კაროლინაში იმყოფება. თავის ქმედებებს ის სპარსეთის ყურეში აშშ-ის რეგიონულ პარტნიორებთან ათანხმებს. ყოველდღიურად დგინდება იმ გემების სია, რომლებიც სპარსეთის ყურეს ჰორმუზის სრუტის გავლით ტოვებენ, ასევე იმ ცარიელი ტანკერების სია, რომლებიც არაბეთის ზღვიდან სრუტის გავლით სპარსეთის ყურის ქვეყნების პორტებისკენ ნავთობის წასაღებად მიემართებიან. გემები ერთ მწკრივად გარკვეული დროის განმავლობაში, ამერიკული გამანადგურებლების დაცვის თანხლებით გადაადგილდებიან.
მანამდე Bloomberg-ი წერდა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნავთობის ექსპორტიორებმა ჰორმუზის სრუტის გავლით ფარული მიწოდება დაალაგეს.
აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის დაწყებამდე, ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის მსოფლიო ტრანზიტის 20%-მდე გადიოდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge