
AXIOS: რუბიომ მოკავშირეებს აცნობა, რომ აშშ ირანზე სამხედრო დარტყმებიდან სანქციების პოლიტიკაზე გადადის
ამერიკელი ოფიციალური პირისა და ინფორმირებული წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უცხოელ კოლეგებს განუმარტა, რომ „ამ ეტაპზე“ შეერთებული შტატები ირანზე ახალი იერიშების მიტანას არ გეგმავს, - წერს გამოცემა AXIOS-ი.
მან აღნიშნა, რომ მთავარი ყურადღება ზეწოლის ალტერნატიულ მექანიზმებზე გადავა, მათ შორის იმ ახალ სანქციებზე, რომელთა შესახებაც მიმდინარე კვირას გახდა ცნობილი.
მოკავშირეების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან რუბიოს ეს განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ საზღვაო ბლოკადით ირანზე ეკონომიკურ წნეხს მაქსიმალურად აძლიერებს - პარალელურად კი ჰორმუზის სრუტიდან ნავთობის ექსპორტის მოცულობას სულ უფრო ზრდის.
ეს ასევე კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ომით დაიღალა და მისი დასრულება სურს - სულ მცირე, ამ ეტაპზე მაინც.
ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, თუმცა რუბიომ განმარტა, რომ აშშ ფართომასშტაბურ საბრძოლო ოპერაციებში დაბრუნებას არ გეგმავს, მას დარტყმების მიყენება არ გამოურიცხავს იმ შემთხვევისთვის, თუ ირანი პირველი წამოიწყებს თავდასხმას.
ამერიკელი ოფიციალური პირის შეფასებით, აშშ-ის ფლოტის მიერ ჰორმუზის სრუტის განაღმვა კონფლიქტის გარდამტეხ ეტაპად იქცა, რამაც თეირანს ზეწოლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი გამოაცალა ხელიდან.
იმედი
წყარო: imedinews.ge