
The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი სამშაბათს მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია, ეს რუსეთის დედაქალაქში მისი პირველი საჯაროდ ცნობილი ვიზიტია, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
ვიზიტის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა ის ემთხვევა აშშ-ის ძალისხმევას, დაასრულოს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ირანის კონფლიქტი. The Wall Street Journal-ი იტყობინება, რომ აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი უკრაინაში შესაძლო სამხედრო მობილიზაციისთვის ემზადება და ნატოს სიმტკიცის გამოცდას გეგმავს.
ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ რეტკლიფი ვლადიმირ პუტინს პირადად შეხვდეს, რათა მას მკაცრი გაფრთხილება გადასცეს. „ვიზიტის მიზანი შეიძლება იყოს პირდაპირი სიგნალი: „ვიცით, რასაც გეგმავთ და უკან დაიხიეთ“, - განმარტავს ეროვნული დაზვერვის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ბეთ სანერი. მისივე თქმით, შეხვედრაზე შესაძლოა ირანში ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებში ახალი მოთამაშეების ჩართვის საკითხი განიხილონ, განსაკუთრებით აშშ-ის მიერ თეირანის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციებისა და კრემლის მხარდაჭერის ფონზე.
უკრაინისა და ირანის კონფლიქტების ფონზეც კი აშშ და რუსეთი სამუშაო კონტაქტებს ინარჩუნებენ. უკრაინის საკითხზე გამართულ სამიტზე პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინს ალასკაზე უმასპინძლა. გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაციამ მიაღწია რუსეთში დაკავებული სამი მოქალაქის გათავისუფლებას.
იმედი
წყარო: imedinews.ge