
AXIOS: „შენ საერთოდ გაგიჟდი?“ - ტრამპმა ნეთანიაჰუ ლიბანში ესკალაციის გამო მწვავედ გააკრიტიკა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანში ესკალაციის გამო მწვავედ გააკრიტიკა. ორშაბათს შემდგარი სატელეფონო საუბრის დეტალებზე გამოცემა AXIOS-ს აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა და კიდევ ერთმა ინფორმირებულმა წყარომ შეატყობინა.
ორშაბათსვე, უფრო ადრე, ირანი დაიმუქრა, რომ ისრაელის მიერ ლიბანში განხორციელებული მოქმედებების გამო აშშ-თან მოლაპარაკებებს შეწყვეტდა. წყაროების ცნობით, ტრამპმა ნეთანიაჰუს „გიჟი“ უწოდა, უმადურობაში დასდო ბრალი და აიძულა ისრაელი, ბეირუთზე დარტყმის გეგმაზე უარი ეთქვა.
ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ტრამპმა ნეთანიაჰუ გააფრთხილა, რომ ლიბანის დედაქალაქის დაბომბვა ისრაელს მსოფლიოში კიდევ უფრო მეტად იზოლირებულს გახდიდა. წყაროები აღნიშნავენ, რომ ტრამპმა პრემიერს ძველი დახმარებაც შეახსენა და თქვა, რომ კორუფციის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს მხარდაჭერით ის ციხეს გადაარჩინა.
წყაროს თქმით, ტრამპმა ნეთანიაჰუს უთხრა: „შენ საერთოდ გაგიჟდი. ჩემ გარეშე ახლა ციხეში იჯდებოდი. ახლა ყველას სძულხარ და ამის გამო ყველას სძულს ისრაელიც“. მეორე წყაროს ცნობით, ტრამპი იმდენად განრისხებული იყო, რომ ნეთანიაჰუს პირდაპირ უყვირა: „რას ჯანდაბას აკეთებ?“
ოფიციალური პირების განმარტებით, ტრამპს ესმის, რომ „ჰეზბოლა“ ისრაელს ესროდა და ქვეყანას თავდაცვა სჭირდებოდა, თუმცა მიიჩნია, რომ ბოლო დღეებში ნეთანიაჰუს საპასუხო რეაქცია არაპროპორციული გახდა. ისრაელმა სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციაც გააფართოვა. ტრამპმა უკმაყოფილება გამოხატა ლიბანში მშვიდობიან მოსახლეობას შორის დიდი მსხვერპლისა და იმის გამო, რომ ისრაელი „ჰეზბოლას“ ერთი მეთაურის ლიკვიდაციისთვის მთელ შენობებს ანგრევდა.
წყაროების ცნობით, ეს იყო ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საუბარი ნეთანიაჰუსთან მისი პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შემდეგ. ტრამპის მრისხანება ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ ნეთანიაჰუს ნაბიჯები ირანთან დაწყებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ჩაშლის საფრთხეს უქმნიდა.
